
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე განახლდება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლის ღონისძიებები იმ ტერიტორიებზე განახლდება, სადაც მონიტორინგის შედეგად მავნებლის ზღვრული რაოდენობა დაფიქსირდა.
მიუხედავად არახელსაყრელი ამინდისა, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით უკვე დამუშავებულია 8 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი; განთავსებულია 70 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მავნებლის პოპულაციის მონიტორინგი. ფაროსანას გავრცელების არეალისა და სიმჭიდროვის განსაზღვრის მიზნით, განთავსებულია 4000-მდე მონიტორინგის სისტემა. მიღებული მონაცემები თავს იყრის ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში და აისახება სპეციალურ ინტერაქტიულ რუკაზე.
ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფუნქციონირებს მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრები. პროცესში ჩართულია 270-მდე ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა, რაც უზრუნველყოფს ღონისძიებების ოპერატიულად განხორციელებას.
უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, მოსახლეობა მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით წინასწარ იღებს ინფორმაციას დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. შეწამვლის ღონისძიებები ასევე კოორდინირებულია მეფუტკრეებთან. დეტალური ინფორმაცია და სამუშაოების განრიგი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: parosana.ge.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიური ჩართულობით ხორციელდება. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები ფერმერებს მოუწოდებენ, დროულად განახორციელონ მცენარეთა დაცვის ღონისძიებები, რადგან უხვი ნალექი სხვადასხვა დაავადების გავრცელებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge