
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები სრულადაა აღდგენილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროენერგია მოსახლეობას სრულად მიეწოდება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იწმინდება საავტომობილო და შიდა საუბნო გზები, ასევე საცხოვრებელი სახლების ეზოები. ელექტროენერგიის მიწოდება სრულად არის აღდგენილი. ბუნებრივი აირი კი 500-მდე ოჯახს არ მიეწოდება. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია დაითვლის.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის ნოდარ გიორგიძის განცხადებით, ადგილზე რამდენიმე ათეული ტექნიკაა მობილიზებული.
„მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გზები სრულადაა აღდგენილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროენერგია მოსახლეობას სრულად მიეწოდება. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, დარჩენილია 500-მდე აბონენტი. დღის განმავლობაში აუცილებლად ყველას მიეწოდება.
მოსახლეობა მოგვმართავს და მიმდინარეობს ზარალის დათვლის პროცესი“, - განაცხადა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტი სტიქიამ 27 აგვისტოს დააზარალა.
იმედი
წყარო: imedinews.ge