
Bloomberg: გერმანიაში სიცხის ფონზე საწვავზე ფასები გაიზარდა
გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა შტეფენ ბილგერმა განაცხადა, რომ მთავრობა საწვავის ფასების მკვეთრ ზრდას აკვირდება, რადგან ამ ზაფხულს ინტენსიური სიცხის შედეგად მდინარეებში წყლის დონის კლებამ ევროპის უმსხვილეს ეკონომიკაში ზოგიერთ რეგიონში ფასების მატება გამოიწვია. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
ტრანსპორტის მინისტრმა, რომელიც კანცლერ ფრიდრიხ მერცის მთავრობას 29 ივლისს შეუერთდა, განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება საწვავის ფასებზე შეღავათის დაწესებას, რომელიც, ირანთან ომის საპასუხოდ, აპრილში შეთანხმდა. მისი თქმით, მსგავსი ზომა ახლა „აღარ არის შესაძლებელი და მისი დაფინანსება უკვე შეუძლებელია“. თუმცა კოალიციური მთავრობის პარტნიორები საკითხს განიხილავენ, რადგან მდინარეებში წყლის კრიტიკულად დაბალი დონე ეკონომიკაზე გავლენას ახდენს და ფასების ზრდასაც იწვევს.
„ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი შედეგია გარკვეულ რეგიონებში, სადაც მიწოდების პრობლემების გამო ფასები გაიზარდა, მიწოდების კრიზისი ჯერ არ გვაქვს, მიწოდების ჯაჭვები ფუნქციონირებს, თუმცა ზოგიერთ რეგიონში ფასები მკვეთრად გაიზარდა“, - განაცხადა ბილგერმა ჩრდილოეთ გერმანიის საპორტო ქალაქ კილში.
როგორც სააგენტო იუწყება, მიმდინარე კვირას ევროპა სიცხის კიდევ ერთ ტალღას ებრძვის. ტემპერატურის მკვეთრი მატება ტყის ხანძრების საფრთხეს ზრდის, აზიანებს მოსავალს და ამცირებს იმ წყალშემკრები აუზების წყლის რესურსებს, რომლებიც რეგიონის მთავარ მდინარეებს, მათ შორის რაინს, დუნაისა და პოს კვებავს. მდინარეებში წყლის დონის კლებამ შეფერხება გამოიწვია როგორც ნაოსნობაში, ისე ელექტროენერგიის წარმოებაში.
რაინზე, კაუბთან, სადაც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მონაკვეთი მდებარეობს, რომელიც სამხრეთ გერმანიას და შვეიცარიას აკავშირებს, წყლის დონე კვლავ იკლებს. ერთი კვირის წინ მან 24 სანტიმეტრს მიაღწია — ეს 1880 წლიდან, ანუ დაკვირვებების დაწყებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. გუშინ დონე უკვე 14 სანტიმეტრამდე დაეცა.
გერმანიის ფედერალური წყალსაცავებისა და ნაოსნობის ადმინისტრაციის პროგნოზით, შაბათისთვის წყლის დონემ შესაძლოა 9 სანტიმეტრამდე დაიწიოს.
იმედი
წყარო: imedinews.ge