
ბოლნისის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პარლამენტის წევრებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატთან, დავით შერაზადიშვილთან, მერის პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
ქალაქ ბოლნისში, არსენ იყალთოელის ქუჩაზე, ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 3025 კვადრატულ მეტრზე ბაზალტი დაიგება, ასევე, მოეწყობა გარე განათების ქსელი, განახლდება საცხოვრებელი სახლების ღობეები და ჭიშკრები.
ხელმძღვანელმა პირებმა, ასევე, დაათვალიერეს სოფელ ჭაპალიდან სამტრედოს მიმართულებით მიმავალი შიდა საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, 515 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი მოეწყო.
ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მათი საერთო ღირებულება 1 344 589 ლარს შეადგენს.
იმედი
წყარო: imedinews.ge