
დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ტრამპის ადმინისტრაციის წერილში მკაფიოდ წაიკითხონ, ნახონ რა წერია და გაიაზრონ, რომ აქ ახალ არჩევნებზე კი არაა საუბარი, მათ რომ აწუხებთ და ესიზმრებათ, არამედ იმაზე, რომ საკუთარი ამომრჩევლის სურვილები პარლამენტში გაახმოვანონ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ტრამპის ადმინისტრაციის წერილსა და ამ წერილის მიმართ ოპოზიციის შეფასებებს გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოპოზიცია წერილში იმას კითხულობს, რაც თვითონ უნდათ და ესიზმრებათ. რეალურად, კი იქ წერია, რომ ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩევლის იმედები არ უნდა გააცრუოს და მათი ხმა პარლამენტში გააჟღეროს.
„კრიტიკას ვერ უძლებს ის განმარტებები, რომელსაც მავანნი და ძირითადად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები აჟღერებენ. ისინი ყველგან პოულობენ იმას, რაც სურთ მათ, რაც ესადაგებათ, ესიზმრებათ და გულით უნდათ. სინამდვილეში კი მოცემულობა და სიმართლე აბსოლუტურად სხვაა. ხომ კარგად და ცალსახადაა აღნიშნული ინსტიტუციებში დემოკრატიის სიძლიერე იმ კუთხით, რომ ოპოზიცია უნდა აჟღერებდეს საკუთარი ელექტორატის ხმას. ასე წავიკითხეთ ყველამ და ასეა ჩანაწერი. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც რადიკალური ოპოზიცია, მათი ელექტორატის მიერ მინიჭებულ მანდატს, ნდობას, პრაქტიკულად ფეხქვეშ გათელავს, არ მიიღებს მონაწილეობას ჯანსაღ დემოკრატიულ პროცესში, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტში ხორციელდება და ეს ყველაფერი იმდენად დამაზიანებელ მოცემულობაში აქვთ წარმოდგენილი, რომ დღეს ბუნებრივია თავის მართლებას არ იწყებენ და არ ამბობენ, რომ შეცდომა დაუშვეს იმიტომ, რომ რადიკალურ მორევში არიან ღრმად და აქედან ამოყვინთვა არავის უნდა. მკაფიოდ წაიკითხონ, ნახონ რა წერია და გაიაზრონ, რომ აქ ახალ არჩევნებზე და რაღაც ფანტაზიებზე კი არაა საუბარი, მათ რომ აწუხებთ და ესიზმრებათ, არამედ იმაზე, რომ საკუთარი ამომრჩევლის სურვილები კი არ გაემტყუნებინოთ, არამედ პარლამენტში გაეხმოვანებინოთ მათი ხმა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
