
დავით ქართველიშვილი „აჭარა თაიმსზე”: მხოლოდ ავადმყოფურ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტვინში შეიძლება დაბადებულიყო ვერსია, რომ ივლისის შუა რიცხვებში ბათუმში არსებული საცობები დაებრალებინათ ქალაქში ბერა ივანიშვილის ოჯახის სტუმრობისთვის
მხოლოდ ძალიან ავადმყოფურ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტვინში შეიძლება დაბადებულიყო ვერსია, რომ ივლისის შუა რიცხვებში ბათუმში არსებული საცობები დაებრალებინათ ქალაქში ბერა ივანიშვილის ოჯახის სტუმრობისთვის, - წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ეხმიანება „აჭარა თაიმსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილის ოჯახის გამო, ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა იყო ჩაკეტილი.
ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ თუ პიროვნებაზე გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს ცრუ ფაქტებს და ზიანს აყენებს ადამიანის ღირსებას, პატივსა და საქმიან რეპუტაციას - საქართველოს კანონმდებლობა ეფექტიან სამართლებრივ მექანიზმებს ითვალისწინებს, რაც, მისივე თქმით, „სადეზინფორმაციო ორღობეში მოქმედ” მედიებს შეახსენებს, რომ სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს სიცრუის გავრცელების თავისუფლებას.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათ ჩემი "ადვოკატობა" არანაირად არ სჭირდებათ. უბრალოდ, ძალიან კარგი მაგალითია იმისთვის, რომ ნებისმიერს შეგვიძლია საკუთარი ღირსების და პატივის დაცვა, ამავდროულად ცილისმწამებელთა დასჯა - ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით. რათა შემდგომში სადეზინფორმაციი ორღობეში მოქმედმა ე.წ. "მედიებმა" - იაფფასიანი რეკლამა, ძვირადღირებულ ფუფუნებაში გადააქციონ.
თუ თქვენზე გავრცელებული გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს ცრუ ფაქტებს და ზიანს აყენებს ადამიანის ღირსებას, პატივსა და საქმიან რეპუტაციას - საქართველოს კანონმდებლობა ეფექტიან სამართლებრივ მექანიზმებს ითვალისწინებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლი და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი დაზარალებულს აძლევს უფლებას მოითხოვოს ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა, მისი გავრცელების შეწყვეტა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
პირველი ნაბიჯია მტკიცებულებების დაუყოვნებლივ დაფიქსირება: უნდა შეინახოს პუბლიკაცია, ეკრანის ანაბეჭდები (სქრინები), ბმულები, სატელევიზიო თუ ინტერნეტეთერის ჩანაწერები და სხვა მასალები, რომლებიც ადასტურებს ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტს. ამის შემდეგ მიზანშეწონილია ავტორის, რედაქციის ან რესურსის მფლობელის მისამართით გაიგზავნოს ოფიციალური მოთხოვნა ინფორმაციის წაშლისა და უარყოფის გამოქვეყნების შესახებ.
