
უკრაინული მედია: ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნება
ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ირლანდიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მოსკოვს ომში თავისი გეგმები არ შეუცვლია, ხოლო ბოლო დღეებში კიევზე განხორციელებულმა რუსულმა დარტყმებმა კვლავ ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შესაბამისად, ეს ნათლად მოწმობს, რომ მოსკოვს მშვიდობა არ სურს.
„ჩვენს გადაუდებელ ამოცანად რჩება, უკრაინის მხარდამჭერი სესხის მეშვეობით მივაწოდოთ მას ყველაფერი, რაც თავდაცვისთვის სჭირდება. ჩვენ უკვე გამოვყავით პირველი 8.47 მილიარდი ევრო. გარდა ამისა, დამტკიცდა დამატებითი 6.1 მილიარდი ევრო, მათ შორის საჰაერო თავდაცვისთვის, თუმცა ეს საკმარისი არ არის“, - აღნიშნა კალასმა.
ამასთან დაკავშირებით, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორმხრივი მხარდაჭერის მობილიზებაც.
„მოხარულები ვართ, რომ დღეს წევრი ქვეყნებისგან მოვისმინეთ განცხადებები საჰაერო თავდაცვის საშუალებების გადაცემაზე - იმ შეიარაღებაზე, რასაც ასე დიდხანს ვითხოვდით“, - გაუსვა ხაზი კალასმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge