
დიმიტრი სამხარაძე: მგონი ღარიბაშვილს თვითონაც არ აქვს წაკითხული ის წერილი, რომლის გაგზავნასაც მამუკა მდინარაძეს აბრალებს - ამ წერილიდან გამოდის, რომ მდინარაძეზე გულმხურვალე მხარდამჭერი ღარიბაშვილს არ ჰყოლია, მდინარაძეს ადვოკატობა დაუწყია და მისი პირველივე საზრუნავი და დასაცავი პირი ღარიბაშვილი ყოფილა - რას ერჩის მაშინ, რატომ ჩაუშვა?
მგონი ჩვენ კი არა, ღარიბაშვილს თვითონაც არ აქვს წაკითხული ის წერილი, რომლის გაგზავნასაც მამუკა მდინარაძეს აბრალებს. მოდი, დავიჯეროთ, რომ მდინარაძემ მისწერა ღარიბაშვილს წერილი. ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც უნდა წავიკითხოთ, რა წერია წერილში. - წერს ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული წერილის მიხედვით, მდინარაძე მისი გულმხურვალე მხარდამჭერი გამოდის, შესაბამისად, წერილის შინაარსის გათვალისწინებით, სამხარაძისთვის გაუგებარია, რით არის უკმაყოფილო ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
„მგონი ჩვენ კი არა, ღარიბაშვილს თვითონაც არ აქვს წაკითხული ის წერილი, რომლის გაგზავნასაც მამუკა მდინარაძეს აბრალებს. მოდი, დავიჯეროთ რომ მდინარაძემ მისწერა ღარიბაშვილს წერილი. ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც უნდა წავიკითხოთ, რა წერია წერილში: დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილსნაირმა „მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა, ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინა და მაგრად დაგვაზიანეს. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომელთა სავარაუდო შემდეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედებების ორი ვარიანტი:
1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ.
2. (მეორე ვარიანტი თვითონ შემოგთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი) — ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარება, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5 წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო”. ამ წერილიდან გამოდის, რომ მდინარაძეზე გულმხურვალე მხარდამჭერი ღარიბაშვილს არ ჰყოლია, რადგან წერილის ავტორი საუბრობს ისეთი ფრაზებით, როგორიცაა “მაგრად დაგვაზიანეს; ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი;” და ღარიბაშვილს მოქმედების პირველ ვარიანტად სთავაზობს: “ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ” და მეორე ვარიანტად განიხილავს დანებებას და ახალი ბრალის აღიარებას.
მამუკა მდინარაძე თავის ძველ პროფესიას დაბრუნებია, ადვოკატობა დაუწყია და მისი პირველივე საზრუნავი და დასაცავი პირი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილა. რას ერჩის მაშინ, რატომ ჩაუშვა? ასეთი სიგიჟე მართლა არ გამიგია“, - წერს სამხარაძე.
იმედი
წყარო: imedinews.ge