
ვიტალი კლიჩკო: რუსეთის დარტყმების შედეგად, კიევში ყოველი მესამე საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია
სრულმასშტაბური შეჭრის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა დარტყმებმა კიევში ოთხი ათასი მრავალბინიანი სახლი დააზიანა. ამის შესახებ ხუთშაბათს, უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
მისი თქმით, კიევში სულ 12 ათასი ასეთი სახლია, ხოლო თითოეული რუსული შეტევა ქალაქის ბიუჯეტს დაახლოებით ნახევარი მილიარდი გრივნა (დაახლოებით 9.64 მლნ ევრო) უჯდება.
კლიჩკომ ასევე დასძინა, რომ ბოლო დროს „შეტევების ინტენსივობა იზრდება და კვირაში თითქმის ორჯერ ქალაქი ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებისა თუ დრონების იერიშის ქვეშაა“.
ქალაქის ხელისუფლება განაგრძობს მობილური თავშესაფრების მოწყობას, თუმცა, კიევის მერის აზრით, სარაკეტო დაბომბვისგან რეალურად დაცვა მხოლოდ ბომბსაფარებს შეუძლია, რომელთა დეფიციტიც ამჟამად შეინიშნება.
კლიჩკომ ასევე გააფრთხილა მოსახლეობა, რომ 20 აგვისტოს მეორე ნახევარში განხორციელებული რუსული შეტევის შედეგად, დესნიანსკისა და დნიპროს რაიონის ნაწილის მცხოვრებლებს, შესაძლოა, ცხელი წყლის მიწოდების შეფერხება შეექმნათ.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენმა აპარატმა კიევის ჰოლოკიევის რაიონში ბიზნესცენტრი დააზიანა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. მაშველები შენობაში სამაშველო-საძიებო სამუშაოებს განაგრძობენ.
20 აგვისტოს ღამეს უკრაინის დედაქალაქი კიდევ ერთხელ გახდა რუსეთის მასშტაბური დარტყმის სამიზნე. რუსეთის ძალებმა ქალაქის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვეს. ბოლო მონაცემებით, კიევსა და კიევის ოლქში 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათეულობით დაშავდა. ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, შეტევის შედეგად დაზიანდა 30 საცხოვრებელი სახლი, სკოლა, საავადმყოფო და საბავშვო ბაღი.
იმედი
წყარო: imedinews.ge