
ესპანური სპორტული გამოცემა AS: კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ იმსახურებს
ქართველი ფეხბურთელი ევროპულ ფინალში კვლავ გადამწყვეტი ფიგურა აღმოჩნდა - სრულიადაც არ არის გადაჭარბებული იმის თქმა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის მოპოვებას იმსახურებს, - წერს ესპანური სპორტული გამოცემა AS სტატიაში სათაურით „კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ იმსახურებს“.
„ვფიქრობ, რომ ვთქვა, კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ მოგების რეალური კანდიდატია-მეთქი, ცოტა თუ იფიქრებს, რომ გიჟი ვარ. რომელმა ფეხბურთელმა ითამაშა 2026 წელს ქართველზე უფრო გადამწყვეტი როლი? წელს მსოფლიო ჩემპიონატი რომ არ ჩატარებულიყო, ამაზე დავაც კი არ იარსებებდა. მუნდიალზე არყოფნა, რა თქმა უნდა, შეამცირებს მის შანსებს, თუმცა მაინც ვერ ვხედავ მოთამაშეს - შესაძლოა, როდრის გარდა - რომელსაც ნაჩვენები თამაშით შეუძლია წაართვას მას ეს პრესტიჟული ჯილდო“, - წერს სტატიის ავტორი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტები მსოფლიო ჩემპიონატს ყველაფერზე მაღლა აყენებენ, თუმცა „კვარას სეზონი ნამდვილად იმსახურებს აღიარებას“.
„გასულ სეზონში მან ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ რვა მატჩში შეძლო გოლის გატანა ან საგოლე გადაცემის გაკეთება - ეს ისეთი რეკორდია, რომლის გაუმჯობესებასაც, სავარაუდოდ, დიდი ხანი დასჭირდება. ტურნირზე მან 10 გოლი და 6 ასისტი მიითვალა, ფინალში კი, თუმცა თავად არ გაუტანია, სწორედ მან მოიპოვა პენალტი, რომლითაც დემბელემ „არსენალთან“ ანგარიში გაათანაბრა“, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კვარაცხელიამ ახალი სეზონიც ისე დაიწყო, როგორც წინა დაასრულა - გადამწყვეტ ფიგურად.
„საფირმო, ულამაზესი გოლითა და უძლიერესი დარტყმით მან „პსჟ“ ევროპის სუპერთასის ფინალში დააწინაურა. თუმცა „ასტონ ვილამ“ ანგარიში გაათანაბრა, პარიზელებმა გამარჯვება მაინც მოიპოვეს მეორე ტაიმში დუეს გადამწყვეტი გოლის წყალობით. ევროპული კლუბების თანამედროვე ისტორიაში არცერთ ზამთრის ტრანსფერს ასეთი დიდი გავლენა არ ჰქონია. კვარაცხელია ახლა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და თუ „ოქროს ბურთს“ მოიგებს, ეს სრულიად დამსახურებული იქნება“, - დასძინა სტატიის ავტორმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge