
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს „ჰიბრიდული“ აღარ უნდა უწოდონ, რადგან ეს „ტერორისტული და დივერსიული თავდასხმებია“
ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს „ჰიბრიდული“ აღარ უნდა უწოდონ, რადგან ეს, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნას შეფასებით, „ტერორისტული და დივერსიული თავდასხმებია“. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
ცაჰკნას თქმით, ეს რუსეთის მიერ ევროპის წინააღმდეგ განხორციელებული სისტემური კამპანიის ნაწილია, რომელიც „რაღაც სახის ომს“ უტოლდება.
მისი განცხადებები მოჰყვა ესტონეთის მიერ სამშაბათს გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ტალინში Milrem Robotics-ის შენობაში, რომელიც უკრაინას უპილოტო სახმელეთო მანქანებს აწვდის, აგვისტოში გაჩენილი ხანძრის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი სამი ლატვიელი მოქალაქე ესტონეთს გადასცეს და მათ „კანონის სრული სიმკაცრით“ მოუწევთ პასუხისგება.
Milrem Robotics-ზე თავდასხმა მსგავსი ინციდენტების სერიის ნაწილია. მათ შორის იყო აგვისტოში ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტზე დრონებით განხორციელებული თავდასხმებიც, რომელთა უკან გერმანიის ხელისუფლებამ ასევე რუსეთი დაასახელა, წერს გამოცემა.
ცაჰკნას თქმით, რუსეთის მიერ დრონებით თავდასხმებისა და ხანძრების მოსაწყობად დაქირავებულ ადამიანებს შორის ბევრის მოტივი იდეოლოგია კი არა, „იოლი ფულის“ მიღებაა. მისი განცხადებით, ევროპის ქვეყნებმა მკაფიოდ უნდა აჩვენონ, რომ ასეთი დივერსიული საქმიანობისთვის დამნაშავეებს მკაცრი სასჯელი ელით, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევები თავიდან აიცილონ.
„მესიჯი ასეთია: თუ რუსეთის სპეცსამსახურებთან ითანამშრომლებ, დაგიჭერენ და ციხეში გაგიშვებენ. ასეთ ოპერაციებში მონაწილეობამდე ბევრჯერ უნდა დაფიქრდე“, - განაცხადა ცაჰკნამ.
მისი თქმით, ევროპის მთავრობებმა მტკიცებულებები უნდა შეაგროვონ და გააზიარონ, რათა რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შესახებ საჯაროდ ისაუბრონ. ამასთან, საჭიროა სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურებს შორის უფრო მჭიდრო კოორდინაცია და მკაფიო გზავნილი, რომ მოსკოვთან თანამშრომლობას მძიმე შედეგები მოჰყვება.
იმედი
წყარო: imedinews.ge