
Euronews: ევროკომისიამ დაასკვნა, რომ მიმდინარე წლისთვის უკრაინის ფინანსური და სამხედრო საჭიროებები სრულად არის უზრუნველყოფილი, მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ კიევმა თავდაცვის სამინისტროში 27 მილიარდი დოლარის დეფიციტის შესახებ განაცხადა
ევროკომისიამ დაასკვნა, რომ მიმდინარე წლისთვის უკრაინის ფინანსური და სამხედრო საჭიროებები სრულად არის უზრუნველყოფილი, მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ კიევმა თავდაცვის სამინისტროში 27 მილიარდი დოლარის დეფიციტის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
„დღეს, კოორდინირებული ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ ვიპოვეთ გზები 2026 წლისთვის უკრაინის ბიუჯეტისა და თავდაცვის საჭიროებების დასაფარად. ჩვენ ასევე ხელახლა დავადასტურეთ ის ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია მათი დროული გამოყოფის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია კომისიის ბუნდოვნად ფორმულირებულ განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთშაბათს გაავრცელა.
ამით აღმასრულებელმა ორგანომ დახურა დებატები, რომლებიც აგვისტოს ბოლოს დაიწყო, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს 27-მილიარდიანი დეფიციტის შევსებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა ისინი, რომ იარაღის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიწოდება საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა.
მას შემდეგ ევროკომისია უკრაინის მთავრობასთან ტექნიკურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ფინანსური დეფიციტის ზუსტი მასშტაბის დასადგენად.
თავიდანვე, ევროკავშირის ოფიციალური პირები ერიდებოდნენ 27 მილიარდი დოლარის ოდენობის ციფრის დადასტურებას, რადგან მას მოულოდნელად და დაუსაბუთებლად მიიჩნევდნენ.
ამის სანაცვლოდ, მათ ყურადღება გადაიტანეს 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხზე, რომელიც ბლოკის დახმარების მთავარ ხაზს წარმოადგენს. ის ითვალისწინებს 45 მილიარდ ევროს 2026 წლისთვის, ხოლო კიდევ 45 მილიარდ ევროს - 2027 წლისთვის.
ვიდრე ტექნიკური მოლაპარაკებები გაჭიანურდა, ბრიუსელმა გაზარდა ზეწოლა კიევზე, რათა დაეჩქარებინა ის რეფორმები, რომლებიც აუცილებელია მხარდამჭერი სესხისა და წინა დახმარების პაკეტის გასახსნელად. ევროკომისია უკმაყოფილოა საკანონმდებლო პროცესის ნელი ტემპით.
იმედი
წყარო: imedinews.ge