
Euronews: ჯორჯია მელონის მთავრობა პარასკევს იტალიის ომისშემდგომ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი მთავრობა გახდება
ჯორჯია მელონის მთავრობა პარასკევს იტალიის ომისშემდგომ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი მთავრობა გახდება, - წერს Euronews-ი.
ქვეყანაში, რომელიც ოდესღაც პოლიტიკური არასტაბილურობის სიმბოლოდ ითვლებოდა, იტალიის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ერთსა და იმავე მთავრობას 1 413 დღის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
ეს ერთი დღით აღემატება სილვიო ბერლუსკონის რეკორდს, რომელიც მან პრემიერობის ოთხიდან ერთ-ერთი ვადისას დაამყარა.
ანალიტიკოსთა შეფასებით, აღნიშნული მიღწევა კიდევ უფრო განამტკიცებს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურ პოზიციებს, განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, სადაც ბოლო 80 წელში 70-მდე მთავრობა შეიცვალა და რომელიც ახლა 2027 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ახალი პოლიტიკური ციკლისთვის ემზადება.
სოციოლოგიურ კვლევებში პარტია „იტალიის ძმების“ (FdI) მუდმივი ლიდერობის ფონზე, ერთი შეხედვით რჩება შთაბეჭდილება, რომ მელონი 2022 წლის ტრიუმფის განმეორებისკენ დაჯერებულად მიდის.
თუმცა, კვლევითი ცენტრ YouTrend-ის ანალიტიკოსის, ლორენცო პრელიასკოს შეფასებით, ბოლო მოვლენებმა ხელახალი გამარჯვების პერსპექტივა საგრძნობლად გაართულა.
მისი თქმით, მიმდინარე წელს მელონისთვის სერიოზულ დარტყმად იქცა მართლმსაჯულების რეფორმის რეფერენდუმზე განცდილი მარცხი, რამაც გამოკვეთა, რომ საზოგადოებაში არსებულ კოალიციასთან შედარებით „ალტერნატიული უმრავლესობის“ განწყობებიც არსებობს.
პროგნოზების მიხედვით, 2026 წელს იტალიის ეკონომიკური ზრდა საკმაოდ სუსტი იქნება და მხოლოდ 0.6%-ს მიაღწევს, რეალური ხელფასები კი გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან პრაქტიკულად არ გაზრდილა.
თუმცა ბოლო ოთხ წელიწადში უმუშევრობამ 7%-დან 5%-მდე დაიკლო, მაღალი რჩება შრომისუნარიანი, მაგრამ ეკონომიკურად არააქტიური მოქალაქეების წილი, რომლებიც სამუშაო ადგილებს აღარ ეძებენ.
მთავრობის მხარდამჭერები საპირისპიროს ამტკიცებენ და აღნიშნავენ, რომ მელონის ადმინისტრაციამ შეძლო საგადასახადო ტვირთის შემცირებასთან ერთად ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდა, სერიოზული საგარეო ვალის მქონე ქვეყანაში ფისკალური დისციპლინის დამყარება და, ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, საერთაშორისო ასპარეზზე იტალიის პოზიციების საგრძნობლად განმტკიცება.
იმედი
წყარო: imedinews.ge