
Reuters: სეუტაში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა მიგრაციული კრიზისის გამო
ოთხშაბათს ესპანეთის ჩრდილოაფრიკული ანკლავის, სეუტის მცხოვრებლები ქუჩაში გამოვიდნენ, რათა გაეპროტესტებინათ მადრიდის მიერ მიგრაციული კრიზისის მართვა, რაც ივლისში საზღვარზე მომხდარმა მიგრანტების მასშტაბურმა მოზღვავებამ გამოიწვია, როდესაც მაროკოდან ტერიტორიაზე, სულ მცირე ,72 000 ადამიანი გადავიდა, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
ქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა, საპროტესტო აქცია კი სეუტის ყოველწლიურ ეროვნულ დღესასწაულს დაემთხვა. დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „სეუტა არ იყიდება, სეუტა უნდა დავიცვათ!“.
ერთ-ერთ პლაკატზე ეწერა: „SOS. ევროპავ, გადაგვარჩინე ჩვენი მოღალატე მთავრობისგან“, ხოლო ზოგიერთი ხელისუფლებას „დამპყრობლების გაძევებას“ სთხოვდა, სხვები კი პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის გადადგომას მოითხოვდნენ.
პარალელურად, საპროტესტო აქციები ესპანეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა, მათ შორის მადრიდში, ბარსელონასა და ბილბაოში.
სეუტის ხელისუფლების ცნობით, 10 000-ზე მეტი მიგრანტი, მათ შორის მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნები, კვლავ დროებით ბანაკებში, ქუჩებსა და ანკლავის სანაპიროებზე რჩებიან.
მათმა ყოფნამ ადგილობრივების თითქმის ყოველდღიური პროტესტი გამოიწვია ესპანეთის მთავრობის მიერ კრიზისის მართვის წინააღმდეგ. მომიტინგეები ითხოვენ მიგრანტების წარმოშობის ქვეყნებში დაბრუნებას ან მათ გადანაწილებას ესპანეთის მასშტაბით.
„რეაგირება იყო არასათანადო, დაგვიანებული და, რაც ყველაზე ცუდია, ეს იყო მთავრობის მხრიდან მოვალეობის სრული უგულებელყოფა. ჩვენ არ ვართ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები და ჩვენი საზღვარი უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს“, - განაცხადა 45 წლის მასწავლებელმა დავიდ ერნანდესმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge