
Fox News: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი შტატებს აფრთხილებს, რომ უკანონო მიგრანტების შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო ისინი სოციალური დახმარებისთვის საჭირო მილიარდობით დოლარის დაფინანსებას დაკარგავენ
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა შტატები გააფრთხილა, რომ მათ შესაძლოა, მილიარდობით დოლარის სოციალური დახმარების დაფინანსება შეუწყდეთ, თუ ფედერალურ მთავრობას არალეგალურად მყოფი მიგრანტების შესახებ ინფორმაციას არ მიაწვდიან. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
იუსტიციის დეპარტამენტის იურიდიული მრჩევლის ოფისის განცხადებით, სოციალური დახმარების ორ მნიშვნელოვან პროგრამაში მონაწილე შტატებმა, ყველა სახელმწიფო უწყებას უნდა დაავალონ, რომ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს იმ პირთა შესახებ აცნობონ, რომელთა შესახებაც ცნობილია, რომ ისინი ქვეყანაში უკანონოდ იმყოფებიან. ადმინისტრაციის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი ცვლილება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებას შეუწყობს ხელს.
მანამდე, როგორც Fox News-ი იუწყება, არალეგალი მიგრანტების შესახებ ინფორმაციის წარდგენა მხოლოდ იმ სახელმწიფო უწყებებს ევალებოდათ, რომლებიც სოციალური დახმარების პროგრამების დაფინანსებას ხელმძღვანელობდნენ. სხვა სახელმწიფო უწყებებზე, რომლებსაც შესაძლოა ასეთ პირთა შესახებ ინფორმაცია ჰქონოდათ, მათ შორის კოლეჯებსა და სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის დეპარტამენტებზე, ეს ვალდებულება არ ვრცელდებოდა.
„მოთხოვნის შეუსრულებლობას, შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს, მათ შორის პროგრამის დაფინანსების დაკარგვა“ - განაცხადა იუსტიციის მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯოშუა კრედოკმა.
Fox News-ი განმარტავს, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, ტრამპმა როგორც არალეგალური, ისე ლეგალური მიგრაციის მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება დაიწყო.
პრეზიდენტის მიერ არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ქვეყნის მასშტაბით ქალაქებში ფედერალური აგენტების განთავსებასა და მიგრანტთა თემებში რეიდების ჩატარებას მოიცავს. ადმინისტრაცია ასევე სულ უფრო აქტიურად თანამშრომლობს შტატებისა და ადგილობრივი ხელისუფლების სამართალდამცავ ორგანოებთან და კერძო კომპანიებთან, რათა სავარაუდო არალეგალური მიგრანტების ადგილსამყოფელი დაადგინოს.
ტრამპის ადმინისტრაცია არაერთხელ ცდილობდა, ზეწოლა მოეხდინა „დემოკრატების“ მიერ მართულ შტატებზე, რომლებიც ფედერალურ საიმიგრაციო უწყებებთან თანამშრომლობაზე უარს ამბობდნენ, მათ შორის ფედერალური დაფინანსების შეწყვეტის მუქარით, წერს Fox News-ი.
აღნიშნულ ცვლილებას, შესაძლოა სასამართლო დავები მოჰყვეს. „დემოკრატების“ მიერ მართულმა შტატებმა უკვე შეიტანეს სარჩელები, რათა შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელი შეუშალონ, შეაგროვოს პერსონალური ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ერთ-ერთი პროგრამის - გაჭირვებული ოჯახებისთვის დროებითი დახმარების პროგრამის (TANF) - ფარგლებში ფინანსურ დახმარებას იღებენ - იუწყება ტელეარხი.
იმედი
წყარო: imedinews.ge