
POLITICO: ევროპელი დიპლომატები „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ პარტიის ლიდერთან ფარულ კონტაქტებს ამყარებენ
ევროპელი დიპლომატები ნაიჯელ ფარაჯის პარტიასთან „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“, მალულად კონტაქტებს ამყარებენ. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პარტია მიმდინარე კვირას ყოველწლიურ კონფერენციას მართავს და ღონისძიებაზე პირველად, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საკუთარ წარმომადგენლებს აგზავნის.
გერმანია, იტალია და ესპანეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ბირმინგემში „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ კონფერენციაზე ოფიციალურ პირებს აგზავნიან, რადგან ევროპული ქვეყნების მთავრობები სულ უფრო მეტად იწყებენ იმ სცენარისთვის მზადებას, რომლის მიხედვითაც, ფარაჯის პარტია შესაძლოა, ხელისუფლებაში მოვიდეს.
„წელს [დიპლომატების] რაოდენობა, ალბათ იმიტომ გაიზარდა, რომ საელჩოები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ არის პოლიტიკური პარტია, რომელსაც სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ და კარგია, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან გვაქვს კონტაქტი“, - განუცხადა POLITICO-ს ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
„ეს არის გზა, რომ უკეთ გავიგოთ „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ პოლიტიკა და ამბიციები და ასევე ჩვენი შეხედულებები გავუზიაროთ, მაგალითად, ევროპული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე“ - დასძინა დიპლომატმა.
2026 წლის განმავლობაში ფარაჯის პარტიის საზოგადოებრივი მხარდაჭერა შემცირდა, თუმცა ის გამოკითხვებში კვლავ თითქმის თანაბარ პოზიციებზეა მმართველ „ლეიბორისტულ“ პარტიასთან, რომლის რეიტინგიც ივლისში, ენდი ბერნემის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ გაიზარდა- წერს გამოცემა.
POLITICO-ს ინფორმაციით, ფარაჯის მთავრობის მოსვლა ევროკავშირისთვის არაერთ გამოწვევას შექმნიდა.
„რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ პირობას დებს, რომ გააუქმებს იმ „გადატვირთვის“ შეთანხმებებს, რომლებზეც ლეიბორისტული მთავრობა ბრიუსელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და „ბრექსიტის“ შემდგომ სავაჭრო შეთანხმებაზე ხელახალ მოლაპარაკებებს მოითხოვს.
პარტიას ასევე სურს გადახედოს გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს შორის მიგრანტების დაბრუნების შეთანხმებას, ასევე გააუქმოს ევროკავშირის მოქალაქეებისთვის მუდმივი ბინადრობის სტატუსი, თუ ისინი სოციალური დახმარების მიმღებები არიან და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სტუდენტური სესხების გაცემის შესაძლებლობა.
ბერლინი, რომი და მადრიდი ერთადერთი ევროპული დედაქალაქები არ არის, რომლებიც პარტიასთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით წარმომადგენლებს აგზავნიან - წერს გამოცემა.
საელჩოების გეგმების შესახებ ინფორმირებული რამდენიმე პირის ცნობით, კონფერენციაზე ბირმინგემის ეროვნულ საგამოფენო ცენტრში, წარმომადგენლებს ასევე გაგზავნიან დანია, ნორვეგია, ფინეთი, ბელგია, ჩეხეთი, უნგრეთი, ირლანდია, ნიდერლანდები, პოლონეთი და რუმინეთი.
იმედი
წყარო: imedinews.ge