
გენეტიკოსი დოდო აგლაძე ცისტური ფიბროზის მედიკამენტის შესყიდვაზე: დღეს ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღეა, ეს არის სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ძალიან დიდი გამარჯვება
დღეს ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღეა, ეს არის სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ძალიან დიდი გამარჯვება. „ტრიკაპტა“ განეკუთვნება ახალი თაობის პრეპარატებს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების როგორც სიცოცხლის ხანგრძლივობას, ისე - მის ხარისხს. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ნაბიჯი, რომელიც ნამდვილად ძალიან ბევრ პოზიტიურ შედეგს მოუტანს ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობას, - ასე შეაფასა დაავადებების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელმა, ექიმმა - გენეტიკოსმა დოდო აგლაძემ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უწყება ინოვაციური მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეისყიდის.
პრეპარატი განკუთვნილია 2 წლისა და უფროსი ასაკის იმ პაციენტებისთვის, რომელთა გენეტიკური მუტაციები შეესაბამება აშშ-ის (FDA) და ევროპის (EMA) წამლის მარეგულირებელი უწყებების მიერ დამტკიცებულ ჩვენებებს. საქართველოში ცისტური ფიბროზის დიაგნოზით, დაახლოებით, 110 პაციენტია რეგისტრირებული. მათგან, შესაბამისი გენეტიკური მუტაცია, დაახლოებით, 60 პაციენტს აქვს.
„მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებში, ლორწოს გათხიერება არ ხდება და გროვდება ყველგან, სადაც ლორწოვანი გარსია. ეს ძალიან აზიანებს სასუნთქ სისტემას. პაციენტებს, ვინც მკურნალობას ვერ იღებს, აქვთ სუნთქვის უკმარისობა, რესპირაციული სისტემის გამწვავებული მდგომარეობა, ხშირად ავადობენ. „ტრიკაპტა“ უზრუნველყოფს რომ ეს სიმპტომატიკა არ გამოვლინდეს და რაც შეიძლება შემცირდეს ავადობა“ - განაცხადა დოდო აგლაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge