
გივი მიქანაძემ და ანკარის უნივერსიტეტის რექტორმა საქართველოს უნივერსიტეტებთან პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ანკარის უნივერსიტეტს ეწვია, სადაც უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნეჯდეთ უნუვარმა უმასპინძლა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
გივი მიქანაძე ანკარის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, სასწავლო ინფრასტრუქტურას გაეცნო და ანკარის უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საგანმანათლებლო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრისას მინისტრმა და რექტორმა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ანკარის უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განვითარებას, აკადემიური თანამშრომლობის გაფართოებასა და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას.
გივი მიქანაძემ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმა გააცნო და აღნიშნა, რომ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა, რაც უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებასა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომების ურთიერთაღიარების საკითხზე. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭო (YÖK) ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებენ.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთობლივი პროექტების, მათ შორის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გაცვლითი პროგრამების, განხორციელების მზაობა გამოთქვეს.
მინისტრთან ერთად ანკარის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია.
იმედი
წყარო: imedinews.ge