
გურამ მაჭარაშვილი: ვიმედოვნებთ, გერმანიის ხელისუფლება მიხვდება, რომ საქართველოსთან ურთიერთობები მეგობრული სჯობს, ვიდრე მტრული
გერმანიის ელჩმა [პეტერ ფიშერი] ყველაზე ცუდი საქმე გააკეთა, თუკი ვინმეს გაუკეთებია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველ რიგში გერმანიისთვის, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნას და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან იმ გვერდის წაშლას, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.
მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ გერმანიის ხელისუფლება მიხვდება იმას, რომ საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობები სჯობს, ვიდრე მტრული.
„გერმანიის ელჩმა, ბატონმა პეტერმა მოახერხა, რომ წელიწად-ნახევრის დაგვიანებით გაიგეს, რომ სალომე ზურაბიშვილი აღარ არის პრეზიდენტი. ვიმედოვნებთ, გერმანიის ხელისუფლება მიხვდება, რომ საქართველოსთან ურთიერთობები მეგობრული სჯობს, ვიდრე მტრული, კონფლიქტური და შეუარცხმყოფელი. ამის მერე გაიგებს გერმანიის საზოგადოება, რომ საქართველო აფასებს ყველა იმ სახელმწიფოსა და ერს, რომელიც აფასებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და პატივს სცემს ქართველ ხალხს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან წაიშალა ის გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული

