
ჰააგაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე დაგეგმილია ჯო უილსონის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის კენჭისყრა
ჰააგაში გრძელდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს. დღეს პლენარულ სესიაზე დაგეგმილია ჯო უილსონის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის კენჭისყრა, რომელიც, მმართველი გუნდის შეფასებით, უსამართლოა.
დღესვე უყრიან კენჭს საპარლამენტო ასამბლეის საბოლოო დოკუმენტს- ჰააგის დეკლარაციას, რომელსაც ქართული დელეგაციის მხარდაჭერა არ ექნება. დელეგაციის წევრები, ასამბლეის ფარგლებში, დღესაც ისარგებლებენ სიტყვით გამოსვლის უფლებით.
გუშინ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დაგმო რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმება. ნიკოლოზ სამხარაძემ ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების პროცესზეც ილაპარაკა, თუ როგორ და რა ვადაში შედგა დასკვნა და რატომ არ იზიარებს მას ხელისუფლება.
„ვისაუბრეთ ოკუპაციაზე, ასევე ბოლოდროინდელ ე.წ. შეთანხმებაზე, რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის. როგორც მოსალოდნელი იყო, მოსკოვის მექანიზმის ანგარიში იყო გამოყენებული როგორც საბაზისო დოკუმენტი. ალბათ მიღებული იქნება ჰააგის დეკლარაცია, თუმცა იქ არსებული ჩანაწერების გამო, საქართველოს დელეგაცია მას მხარს არ დაუჭერს“, - აღნიშნა სამხარაძემ.
