
„ჰამასის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჯარედ კუშნერი ისრაელში ჩავიდა
ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი ეგვიპტეში „ჰამასის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარგზავნილმა მათ განიარაღებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ისრაელს არ სჯერა, რომ მებრძოლები ამ მიმართულებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებენ. კონკრეტულ ნაბიჯებში, რომლებსაც ტერორისტული დაჯგუფებისგან ელიან, იგულისხმება მართვის უფლებამოსილების გადაცემა პალესტინის ტექნოკრატიული მთავრობისთვის და იმის გარანტიები , რომ „ჰამასი“ ღაზას სექტორის მომავალ მართვაში არანაირ როლს არ ითამაშებს, - წერს Axios-ი. გამოცემის ცნობით, კუშნერისა და „ჰამასის“ წარმომადგენლების საუბარი 90 წუთს გაგრძელდა და „ძალიან პროდუქტიული“ აღმოჩნდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „მშვიდობის საბჭოს“ გენერალური დირექტორი ნიკოლაი მლადენოვი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, რომელიც ასევე შედის „საბჭოში“ და „საბჭოს“ უფროსი მრჩევლები - არიე ლაითსთოუნი და ლირან ტანკმანი. გარდა ამისა, Axios-ის მონაცემებით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა ხალილ ალ-ჰაიამ, ეგვიპტის დაზვერვის საერთო სამმართველოს ხელმძღვანელმა ჰასან რაშადმა, კატარელმა დიპლომატმა ალი ალ-თავადიმ და თურქეთის მაღალჩინოსანმა, რომლის სახელიც პუბლიკაციაში მითითებული არ არის.
დღეს კი კუშნერი ისრაელში ჩავიდა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება, რათა ისრაელის მხრიდან „შესაბამისი ნაბიჯები“ განიხილოს.
9 აგვისტოს ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი უარყოფს ტრამპის მიერ შექმნილი „მშვიდობის საბჭოს“ გეგმას ღაზას სექტორთან დაკავშირებით. „ისრაელის თავდაცვის ძალები არ გაიყვანენ ჯარებს, სანამ „ჰამასი“ არ განიარაღდება. და როდესაც ვამბობ, რომ „ჰამასი“ უნდა განიარაღდეს, ვგულისხმობ ყველა სახის იარაღს. ჩვენ ვსაუბრობთ ნამდვილ განიარაღებაზე და არა ფიქციურზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.
იმედი
წყარო: imedinews.ge