
იოსებ ჩახვაშვილი: რა ტექნიკურ ხარვეზზეა საუბარი?! ერთი წლის განმავლობაში გერმანიამ თავისი ტექნოლოგიის დონით ვერ გაასწორა საიტზე ხარვეზი?! ეს ხომ უპატივცემულობაა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ
როდესაც მოგმართავს ქვეყანა და გეუბნება, რომ საიტზე ინფორმაცია გაასწორო და შენ არ აკეთებ, დანაშაულია - ქვეყანასა და ხალხს დასცინი და ამბობ, რომ ტექნიკური ხარვეზია. რა ტექნიკურ ხარვეზზეა საუბარი?! - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ დიპლომატმა, იოსებ ჩახვაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე საქართველოს ხელისუფლების შესახებ განთავსებული ინფორმაციის განახლების აუცილებლობის შესახებ საუბრისას.
კითხვაზე, რომ გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის მსგავსად იქცეოდნენ საქართველოში ნიდერლანდების, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩებიც და ემორჩილებოდნენ თუ არა ისინი „დიფ სთეითის“ მოთხოვნებს, თუ საკუთარი ქვეყნების პოლიტიკას ატარებდნენ, ჩახვაშვილმა აღნიშნა, რომ „ერთიც იყო და მეორეც. ამასთან, მას მიაჩნია, რომ გამოცდილ დიპლომატსა და შეგნებულ პიროვნებას, ელჩს, შეუძლია, გარკვეულწილად შეარბილოს ასეთი დამოკიდებულება, რომ არ იყოს ძალიან წახნაგოვანი, მრუდე და ზიანის მომტანი.
ჩახვაშვილის თქმით, ელჩ ფიშერს „პირდაპირი ინსტრუქციები ჰქონდა მიღებული“.
„როგორ იქცევა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო? რა არის განთავსებული საიტზე? - საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ნაცვლად, იქ წერია სულ სხვა სახელები და გვარები. იცით, რაზეც ვსაუბრობ - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ეს დაცინვაა, ასე არ შეიძლება. როდესაც მოგმართავს ქვეყანა და გეუბნება, რომ საიტზე ინფორმაცია გაასწორო და შენ არ აკეთებ, ეს დანაშაულია, ქვეყანასა და ხალხს დასცინი და ამბობ, რომ ტექნიკური ხარვეზია. რა ტექნიკურ ხარვეზზეა საუბარი?! ერთი წლის განმავლობაში გერმანიამ თავისი ტექნოლოგიის დონით ვერ გაასწორა ეს ხარვეზი?! ეს ხომ უპატივცემულობაა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ“, - განაცხადა იოსებ ჩახვაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge