
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ველოდებით ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, ჩვენი გზავნილი არის ძალიან მკაფიო - გვინდა, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან, ჯო უილსონის ინიციატივები ჩვენთვის არ არის საინტერესო
ჩვენ ველოდებით ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, ჩვენი გზავნილი არის ძალიან მკაფიო - გვინდა, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან, ჯო უილსონის ინიციატივები ჩვენთვის არ არის საინტერესო, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში საქართველოს შესახებ გაკეთებულ ჩანაწერთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული ჩანაწერი კონგრესის აქტში ჯო უილსონის ინიციატივით შევიდა, რაც არასერიოზული და ღიმილისმომგვრელია.
„აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელია ასეთი ჩანაწერი, თქვენ იცით, რომ ინიციატივა ეკუთვნის ჯო უილსონს და ამ ერთი კაცის ინიციატივით შევიდა ეს ჩანაწერი კონგრესის აქტში. შესაბამისად, ჩვენთვის არ არის არც საინტერესო, არც სერიოზული. თან გუშინ ირანიც იყო წარმოდგენილი საქართველოში ძალიან ღრმად და დღეს ეს წარმომადგენლობა ირანის მხრიდან საერთოდ დაიკარგა - ეს მცირე ირონიული გადახვევა. აბსოლუტურად არ არის საინტერესო ჯო უილსონის ინიციატივები, მისი ინიციატივებით შესული შესწორებები. ჩვენ ველოდებით ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. ჩვენი გზავნილი არის ძალიან მკაფიო - ჩვენ გვინდა, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან და ამასთან დაკავშირებით ველოდებით ამერიკის ოფიციალურ პოზიციას. დანარჩენი დეტალები, ჯო უილსონის ინიციატივები ჩვენთვის არ არის საინტერესო,“- აღნიშნა პრემიერმა.