
ჯანდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების განსახილველად, სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი, ამჯერად, დასავლეთ საქართველოს მდებარე სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ ძლიერი პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მთავარი ფუნქციაც მინისტრის განცხადებით, დაავადებების პრევენცია და მოსახლეობისთვის საჭირო სერვისების დროული მიწოდებაა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.
პირველადი ჯანდაცვის რეფორმა მოიცავს მოქალაქეებისთვის სერვისების გაფართოებულ პაკეტს, მათ შორის დამატებითი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული ხელმისაწვდომობას. ასევე - დაფინანსების ახალ მოდელს, რომელიც ითვალისწინებს პაციენტების საჭიროებებს ასაკის მიხედვით და აფასებს სამედიცინო დაწესებულებების მიერ მიღწეულ შედეგებს. ცვლილებები ხელს შეუწყობს პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალების როლის გაძლიერებას, ვაქცინაციას, სკრინინგსა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. რეფორმის საპილოტე ეტაპზე, პროგრამაში, პირველადი ჯანდაცვის 6 დაწესებულება ჩაერთო, შემდეგ კი შესაბამისობის შეფასების შედეგად, 43 დაწესებულება.
პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლების განახლებულ მოდელში ჩართვის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება - დაწესებულებებს განაცხადების წარდგენა, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში, 2026 წლის 1 ოქტომბრამდე შეუძლიათ. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაწესებულებები განახლებულ დაფინანსების მოდელში 2027 წლის 1 მარტიდან ჩაერთვებიან.
იმედი
წყარო: imedinews.ge