
The Telegraph: აშშ ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულებზე სუვერენიტეტის მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება, თუ ლონდონი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის
შეერთებული შტატები მზად არის, შეეწინააღმდეგოს ბრიტანეთის სუვერენიტეტს ფოლკლენდის კუნძულებზე, თუ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული წინადადება იმ ზომებს შორისაა, რომლებსაც პენტაგონის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ამზადებენ, რათა ნატოს წევრ ქვეყნებს ალიანსის თავდაცვის ხარჯებისთვის მშპ-ის 5%-იანი მიზნის შესრულებისკენ უბიძგონ.
ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა The Telegraph-ს განუცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ ნატოს მოკავშირეების ალიანსისადმი ერთგულების გადახედვის პროცესში ბრიტანეთს, სავარაუდოდ, „განსაკუთრებული ყურადღება“ დაეთმობა. განხილვისას შეფასდება, აქვთ თუ არა წევრ ქვეყნებს რეალისტური გეგმები დასახული მიზნის მისაღწევად.
ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ბრიტანეთს თავდაცვის სფეროში წამყვან პარტნიორად ჩამოყალიბების პოტენციალი აქვს, თუმცა ყოფილი პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის მიერ ივნისში გამოცხადებული თავდაცვის ინვესტიციების გეგმა საკმარისი „ნაბიჯი სწორი მიმართულებით“ არ იყო.
„მოველოდი, რომ გაერთიანებული სამეფო განსაკუთრებულ ყურადღებას მიიღებდა, რადგან მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რათა ბრიტანეთს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის სტიმული და შესაძლებლობა მივცეთ“, - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლის შესაძლებლობას, მან განაცხადა: „შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუბრები გულწრფელია და არაფერია გამორიცხული იმ ვარიანტებს შორის, რომლებიც ჩვენთვის სასურველი ტვირთის სამართლიანი განაწილების წახალისებას ემსახურება“.
ვაშინგტონის პოზიცია ენდი ბერნემსა და მის კანცლერ ჯონ ჰილიზე ზეწოლას გაზრდის. ჰილის პირველი ბიუჯეტი არ ითვალისწინებს ვალდებულებას, რომ 2030 წლისთვის თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-მდე გაიზრდება, წერს გამოცემა.
ჰილიმ, რომელმაც ივნისში თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა, განაცხადა, რომ სტარმერს ამის გაკეთება „არ შეეძლო“, ხოლო ხაზინა „არ იყო მზად“ ქვეყნის თავდაცვისთვის საჭირო თანხების გასაღებად. თუმცა, მთავრობის წყაროებმა Financial Times-ს განუცხადეს, რომ კანცლერი 28 ოქტომბერს წარდგენილ ბიუჯეტში მშპ-ის 3%-იან მაჩვენებელთან დაკავშირებით რაიმე ვალდებულებას არ აიღებს.
აშშ ოფიციალურად ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს ფოლკლენდის კუნძულების სუვერენიტეტის საკითხზე, თუმცა აღიარებს კუნძულებზე გაერთიანებული სამეფოს ადმინისტრაციას. კუნძულებზე პრეტენზია არგენტინასაც აქვს, თუმცა სტარმერის სპიკერმა მიმდინარე წლის დასაწყისში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობის პოზიცია „სრულიად ნათელია“ - ფოლკლენდის კუნძულები ბრიტანეთის სუვერენული ზღვისიქითა ტერიტორიაა, იუწყება The Telegraph-ი.
აპრილში გაჟონილმა პენტაგონის შიდა მემორანდუმმა პირველად გააჩინა ვარაუდი, რომ აშშ-მა შესაძლოა ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებული პოზიციის გადახედვა ნატოს მოკავშირეებზე დიპლომატიური ზეწოლის ბერკეტად გამოიყენოს. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გაჟონილი დოკუმენტის მნიშვნელობა შეამცირა და მას შიდა უწყებრივი გადაწყვეტილების უმნიშვნელო ნაწილად მოიხსენიებდა.
თუმცა, The Telegraph-ის ინფორმაციით, პენტაგონში ფოლკლენდის საკითხის ზეწოლის ბერკეტად გამოყენების შესახებ განხილვა კვლავ გრძელდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge