
ჯარედ კუშნერი: თუ „ჰამასი“ უარს იტყვის განიარაღებაზე, ვაშინგტონი ღაზაში ისრაელის შემდგომ სამხედრო ოპერაციებს მხარს დაუჭერს
აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ ორივე მხარის თანამშრომლობის შემთხვევაში ღაზაში „პროგრესი შესაძლოა ძალიან მალე ვიხილოთ“, თუმცა მან იქვე მიანიშნა, რომ თუ „ჰამასი“ უარს იტყვის განიარაღებაზე, ვაშინგტონი ანკლავში ისრაელის შემდგომ სამხედრო ოპერაციებს მხარს დაუჭერს.
„თუ „ჰამასი“ მომდევნო 60-90 დღის განმავლობაში გვირაბებში არსებულ იარაღს ნებაყოფლობით ჩააბარებს, ეს ისრაელისთვის უსაფრთხოების უდიდესი საფრთხის ნეიტრალიზება და თითქმის წარმოუდგენელი მიღწევა იქნება“, - განაცხადა კუშნერმა Fox News-თან ინტერვიუში.
„თუ ისინი ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებენ, ყველასთვის ნათელი გახდება, რომ მათ მშვიდობა სულაც არ სურთ. ასეთ შემთხვევაში, ისრაელს აშშ-ისა და სხვა პარტნიორებისგან ბევრად მეტი მხარდაჭერა ექნება, რათა საქმე ჯეროვნად მიიყვანოს ბოლომდე“, - დასძინა მან.
კუშნერის თქმით, კვირას გამართულ შეხვედრაზე „ჰამასის“ წარმომადგენლებმა „ყველაფერი სწორად ილაპარაკეს“, თუმცა „ძალიან რთულია ენდო ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელმაც ასეთი საშინელი სისასტიკე ჩაიდინა“.
„საკმაოდ თბილი და საქმიანი შეხვედრა გვქონდა. ასე რომ, შანსს ვაძლევთ, თუმცა ყველაფერი მათ რეალურ ნაბიჯებსა და ქმედებებზე იქნება დამოკიდებული“, - აღნიშნა მან.
კუშნერმა ნეთანიაჰუსთან ორშაბათს გამართული თითქმის ოთხსაათიანი შეხვედრა შეაფასა, როგორც „ძალიან კარგი“ და დასძინა, რომ შეძლეს ისრაელის პრემიერის მიერ წამოჭრილი „ზოგიერთი საფუძვლიანი წუხილის“ განხილვა.
იმედი
წყარო: imedinews.ge