
ჯეი დი ვენსი აშშ-ირანის მემორანდუმის გამო ისრაელის „ისტერიკას“ აკრიტიკებს - შეუძლებელია ეროვნული უსაფრთხოების ყოველი ცალკეული პრობლემისგან თავის დაღწევა უბრალოდ ძალისმიერი მეთოდებით სცადოთ
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი The New York Times-თან ინტერვიუში აკრიტიკებს ისრაელის რეაქციას, რომელსაც ის „ისტერიკად“ მოიხსენიებს ახლახან ხელმოწერილი აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმის გამო.
ის აღნიშნავს, რომ ისრაელი საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად ზედმეტად არის დამოკიდებული სამხედრო ძალაზე, რომ მან მეტი „დაფასება“ უნდა გამოიჩინოს აშშ-ის, როგორც მოკავშირის მიმართ, და რომ შიშები იმის შესახებ, თითქოს ეს შეთანხმება ირანს ან „ჰეზბოლას“ გაათამამებს საფუძველსაა მოკლებული.
„ჩემთვის ეს სტერიკა ისრაელში ცოტა არ იყოს უცნაურია, რადგან ვფიქრობ, რომ ის უნდობლობიდან მომდინარეობს. არადა, მიმაჩნია, რომ ამერიკამ დაიმსახურა მსოფლიოს ამ რეგიონის ნდობა“, - ამბობს ის.
„ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ ამ კონკრეტული ქვეყნისა და ამ კონკრეტული მთავრობისთვის, და ვფიქრობ, მოსაზრება, თითქოს საშინელი გარიგება დავდეთ, ფაქტებით არ მყარდება. ეს უბრალოდ ყოველგვარ აზრს მოკლებულია, თუკი ჩვენი ურთიერთობის ხანგრძლივ ისტორიას გაითვალისწინებთ“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ვენსი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავი აარიდა შეთანხმების კრიტიკას, თუმცა აღიარებს, რომ ეს მისმა უკიდურესად მემარჯვენე პარტნიორებმა - ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა და ფინანსთა მინისტრმა ბეცალელ სმოტრიჩმა გააკეთეს. ნეთანიაჰუს მოკავშირეებმა მედიაში, ისევე როგორც ოპოზიციის წევრებმა, ასევე დაგმეს ეს შეთანხმება და მას ისრაელის უსაფრთხოების ინტერესებისთვის საზიანო უწოდეს.
„ნათელია, რომ ისრაელის პოლიტიკური სისტემისა და მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან მგრძნობიარედ რეაგირებს ამ შეთანხმებაზე“, - ამბობს ის. „მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ მათ ამ შეთანხმების შესახებ გარკვეული დეზინფორმაცია აიტაცეს და ერთგვარ პანიკაში ჩავარდნენ“.
შეთანხმების ისრაელელ კრიტიკოსებთან დაკავშირებით ის დასძენს: „ჩემი პასუხი მათ მიმართ, ალბათ, ასეთი იქნებოდა: რა არის თქვენი კონკრეტული წინადადება? თქვენ ცხრამილიონიანი ქვეყანა ხართ. შეუძლებელია ეროვნული უსაფრთხოების ყოველი ცალკეული პრობლემისგან თავის დაღწევა უბრალოდ ძალისმიერი მეთოდებითა და განადგურებით სცადოთ“.
იმედი
წყარო: imedinews.ge