
კახა კალაძე: კომპანია „ტეზერთან“ სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოება არის საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის და უსაფრთხო ქვეყნის აღიარება
საქართველოსა და მსოფლიოს უდიდეს ბლოკჩეინ-პლატფორმა „ტეზერს“ (Tether) შორის სტრატეგიული პარტნიორობა ფართოვდება.
თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
დღევანდელი შეხვედრის მთავარ მიზანს ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და იმ ინოვაციური პროექტების განხილვა წარმოადგენს, რომლებიც საქართველოს რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებას დაუდებს საფუძველს.
ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერმა სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს ბიზნესსექტორის განვითარებას, შემოდის უცხოური ინვესციტიები და ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება.
„მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისი მასპინძლობს ღონისძიებას, სადაც ვსაუბრობთ მსოფლიოში ლიდერ, ციფრული ეკონომიკის სიმბოლოდ ქცეულ უმსხვილეს კომპანია „ტეზერთან“ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლაზე. საქართველო, „ტეზერთან“ სტრატეგიული პარტნიორობით, დგამს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს, რაც ქართული ფინანსური ბაზრის ტექნოლოგიურ განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ისახავს მიზნად. მიხარია, როგორც ქალაქის მერს, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს, რომ ასეთი მსხვილი კომპანია შემოდის ქვეყანაში. ეს არის შედეგი იმ ძალისხმევის და გატარებული რეფორმების, რაც საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და პარლამენტმა კოორდინირებულად გასწია. ეს არის საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის და უსაფრთხო ქვეყნის აღიარება. რაც მთავარია, ეს არის ქართული ეკონომიკის შეუქცევადი განვითარების გზა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა კომპანია „ტეზერის“ წარმომადგენლებს წარმატებები უსურვა და სხვადასხვა უცხოურ კომპანიასთან სამომავლო თანამშრომოლობის მზაობა გამოთქვა.
