
კვლევა: ფინანსური სირთულეები ტვინის დაბერებას აჩქარებს
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა ხანგრძლივ ფინანსურ სიძნელეებსა და ხანდაზმულ ასაკში ტვინის მდგომარეობის გაუარესებას შორის კავშირი აღმოაჩინეს. კვლევის შედეგები ჟურნალში Innovation in Aging გამოქვეყნდა.
მკვლევრებმა დიდი ბრიტანეთის 2 759 მცხოვრების მონაცემები გააანალიზეს, რომლებიც ჯანმრთელობისა და განვითარების ეროვნულ კვლევაში იღებდნენ მონაწილეობას. პროექტის ფარგლებში სპეციალისტები ათწლეულების განმავლობაში აგროვებენ ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში 1946 წლის ერთი კვირის განმავლობაში დაიბადნენ.
2026 წლისთვის კვლევის მონაწილეებს 80 წელი შეუსრულდათ. ეს პროექტი მსოფლიოში ადამიანთა ერთი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ კვლევად ითვლება.
მეცნიერებმა შეისწავლეს, თუ როგორ არის დაკავშირებული ადამიანების მატერიალური მდგომარეობა ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში ტვინის მდგომარეობასთან უფროს ასაკში. ანალიზმა აჩვენა, რომ მონაწილეები, რომლებიც წლების განმავლობაში განიცდიდნენ ფულის ნაკლებობას, უკვე 53 წლის ასაკისთვის შედარებით ცუდად ასრულებდნენ მეხსიერებასა და აზროვნების სიჩქარეზე გათვლილ დავალებებს.
69–71 წლის ასაკში მონაწილეთა ნაწილმა ასევე თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გაიარა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ იმ ადამიანებში, რომლებსაც ფინანსური სიძნელეების ხანგრძლივი გამოცდილება ჰქონდათ, ტვინის სტრუქტურის ცვლილებები შეინიშნებოდა: მცირდებოდა ტვინის ქსოვილის მოცულობა და დიდდებოდა პარკუჭები.
