
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გერმანია AFD-ს აკრძალვას მხოლოდ პოტენციური რიტორიკის გამო აპირებს, საქართველოს ხელისუფლებას კი 9-წლიანი რეჟიმის მიერ დადასტურებული წამების ფაქტების შემდეგ ეკითხება, თუ რატომ შეაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში „პოსტ-ანალიტიკა“ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გერმანიის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და ასევე, ოპოზიციის ქმედებები შეაფასა, როგორც „მტრული საქმიანობა“ და „სამშობლოს ღალატი.“
მისი განცხადებით, მაშინ, როცა გერმანია ერთ-ერთი პარტიის, AFD-ის აკრძალვას მხოლოდ პოტენციური რიტორიკის გამო აპირებს, ამ დროს მათ გაკვირვებას იწვევს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება 9-წლიანი რეჟიმის წინააღმდეგ სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით. მაჭავარიანმა ვრცლად ისაუბრა ოპოზიციის მიერ ჩადენილ ქმედებებზე, რომელთა შორისაც საბოტაჟი, დივერსია, „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“ და ბრიუსელში წერილების გაგზავნაც მოიაზრება, ყოველივე ეს კი, მისი თქმით, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯებია.
„მაგალითსაც მოვიყვან, ცოტა უტრირებულია, ზუსტად ამ საკითხთან მიმართებით არ არის, თუმცა, მიხვდებით პათოსი რა არის. ერთ-ერთი გერმანელი ჟურნალისტი იყო ჩამოსული თბილისის თვითმმართველობის არჩევნებზე და თბილისის შტაბის უფროსი ვიყავი, კახი კალაძე იყო კანდიდატი და ბატონ კახის არ ეცალა, მასთან იყო ინტერვიუ ჩასაწერი. მე, როგორც შტაბის უფროსი, ჩავეწერე და ერთ-ერთი კითხვა იყო – მაშინ შეგვქონდა სარჩელი, თუ უკვე შეტანილი გვქონდა საკონსტიტუციო სასამართლოში აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით – და ამას როგორ აკეთებთო, გერმანელი მეკითხება. იცით რა მაინტერესებს-მეთქი, ჩვენ, საგამოძიებო კომისიიდან დაწყებული, დამთავრებული უამრავი მტკიცებულებების არსებობით და ეს წარსული ჩვენს წინ განვითარდა-თქო და შესაბამისად, რა თქმა უნდა, სხვა უფლება არ გვაქვს და მე კითხვა მაქვს - თქვენი პარტია AFD ყველაზე დიდი პარტიაა დღეს-თქო, ხომ? თქვენი ხელისუფლება ხომ კრძალავს, ხომ აპირებს AFD რომ აიკრძალოს? კი, ვაპირებთო და რაზე დაყრდნობით-მეთქი? - პოტენციურად ძალიან დიდ რისკებს შეიცავს AFD თავისი რიტორიკიდან გამომდინარეო და ვუპასუხე, ესე იგი, ჩვენ 9 წელი ფაქტებით და მტკიცებულებებით, ყველამ რაც ვიხილეთ და დადასტურებული რაც არის, სტრასბურგმა რაც დაადასტურა, რომ წამება სისტემატური იყო და ახალგაზრდების მკვლელობა, გაუპატიურებები, საძინებლებში თვალთვალი და ბიზნესის რეკეტი და ა.შ. მაგაზე გვეუბნები, რომ სარჩელი რატომ შეგვაქვს და თურმე, თქვენი ხელისუფლება რომ პოტენციურად საფრთხეს ხედავს იმ პარტიისგან, რომელსაც დღეს აბსოლუტურად არაფერი ჩაუდენია და მისი რიტორიკიდან დასკვნა რომ გამოაქვს, რომ შეიძლება ცუდი საქციელი ჩაიდინოს და მაგისთვის კრძალავს, კიდევ ჩვენ გვეკითხები, ჩვენ რატომ შეგვაქვს სარჩელი? ვერაფერი ვერ მიპასუხა, რა თქმა უნდა. ზუსტად ანალოგიური არის ამ სიტუაციაშიც. რა თქმა უნდა, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ზუსტად იმავენაირად მოიქცეოდნენ, მინიმუმ, თუ უფრო მკაცრად არა, როგორი მიდგომაც არის საქართველოში. მე არ მინდა, რომ სამართლებრივ შეფასებაში შევიდე, ეს არ არის ჩემი სფერო და უფლებაც არ მაქვს, ხომ? მაგრამ პოლიტიკურად შემიძლია მე შევაფასო: როდესაც ამდენი წლის განმავლობაში საბოტაჟირების, ქაოსის შემოტანის, რევოლუციის დაგეგმვის გარდა არაფერს არ აკეთებ, ერთადერთი ლოზუნგი გაქვს, რომ შიგნით აქცია იყოს და გარედან სანქცია იყოს. პეტიციებს აგროვებდა, ხელმოწერებს, რომ ბიზნესი გაჩერდეს და ფუნქციონირება საერთოდ შეჩერდეს. აბულინგებ ელჩებიდან დაწყებული, იმით დამთავრებული, რომ არავინ არ იმუშაოს და დემარში მოუწყონ საკუთარ ქვეყანას და საბოტაჟი მოუწყონ და დივერსია და ასე შემდეგ. ამის გარდა, განუწყვეტლივ იმაზე საუბრობ, ისეთი მიმართულებებით და ისეთ ვითომ ექსპერტებს ისწრებ, რომ ისეთი მესიჯები გავრცელდეს, რომ რამენაირად ლარის კურსი გაიქცეს. აგენტურულ საქმიანობას აკეთებ და ესწრები ტრენინგებს აკერმანიდან დაწყებული, კანვასით დამთავრებული, როგორ უნდა შემოიტანო არა მხოლოდ მღელვარება, არამედ პირდაპირ ქუჩაში დაპირისპირება გადაიტანო. მაკკეინის ინსტიტუტიდან გაიდლაინს იღებ, დიდი ამბით და აქ ტირაჟირებ, სადაც პირდაპირ წერია სამოქალაქო პროტესტი როგორ უნდა გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში და უკაცრავად, ძალიან დიდი ბოდიში, თუ საქმე არის აღძრული და იძიებენ ამ ყველაფერს, რა კვალიფიკაციაც აქვს მიცემული, ხომ? პოლიტიკურად მე შემიძლია შევაფასო, რომ ეს არის სამშობლოს ღალატი პირდაპირ! თავისი იმ ბრიუსელში გაგზავნილი წერილებით – ჩვენ რომ გვეუბნებიან, რომ ევროინტეგრაცია არ გინდათო და რომ ეხვეწებოდნენ 24 წლის არჩევნების შემდეგ ბრიუსელს ხაზარაძის პარტია, გახარია, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“, კოლექტიური აგენტურა ბატონ ბორელის, რომ ყველანაირი ურთიერთობა შეეჩერებინათ საქართველოში, ყველანაირი მოლაპარაკებები, ყველანაირი კავშირები, ყველანაირი დაფინანსება. ეს არის არასრული ჩამონათვალი, რაც ახლა მე გამახსენდა ამ 30 წამში და ამ ყველაფრის მერე უკვირთ მათ, რომ თურმე დაინტერესებული არიან შესაბამისი უწყებები – ეს იყო თუ არა მტრული საქმიანობა ქვეყნის მიმართ? რა თქმა უნდა, მტრული არის! ეს პოლიტიკურადაც შემიძლია შევაფასო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სამართლებრივადაც ეს ყველაფერი ისე მოერგება იმ ჩარჩოში, რომ აბსოლუტურად არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეს.“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge