
მაკა ბოჭორიშვილი: არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო არის მზად აშშ-სთან ჰქონდეს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული შინაარსიანი ურთიერთობები, ჩვენ ვხედავთ მათი მხრიდან განწყობას, რომ ეს არის მიღწევადი
ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორივე მხრიდან იმისათვის, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები პოზიტიურ ჭრილში იყოს დანახული, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ამ საკითხზე ამერიკულ მხარესთან შეხვედრა კვლავ შედგება.
„ჩვენ ვმუშაობთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარესთან, თუ რა უნდა იყოს საქართველოსა და აშშ-ს შორის განახლებული ურთიერთობის შინაარსი და როგორ უნდა განვავითაროთ ეს ურთიერთობები. უახლოეს მომავალში, იმედი გვაქვს, რომ კიდევ გვექნება შესაძლებლობა უფრო მეტად ვისაუბროთ სწორედ ამ შინაარსობრივ ნაწილზე. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო არის მზად ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჰქონდეს შინაარსიანი ურთიერთობები, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს ურთიერთობები უნდა ასახავდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და რა თქმა უნდა აშშ-ის ინტერესებს და ეს ურთიერთობები, პირველ რიგში უნდა იყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. ჩვენ ვხედავ იმ განწყობას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ეს არის მიღწევადი“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
