
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ამ ხნის განმავლობაში აქვს მტკიცედ ჩამოყალიბებული პოზიცია და დამოკიდებულება უკრაინასთან, რაც არაერთხელ გამოგვიხატავს საერთაშორისო ფორმატებში
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ერევანში გამართული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებზე ისაუბრა.
„პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრა ზოგადად ეთმობა ევროპისთვის მნიშვნელოვან თემებს და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ დაკავშირებადობაზე იყო ერთ-ერთი პანელური დისკუსია, სადაც პრემიერ-მინისტრმა მიიღო მონაწილეობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა როგორც უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე ეკონომიკური განვითარების კონტექსტში, სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის როლი, ჩვენი ქვეყნის როლი სწორედ დაკავშირებადობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში. ზოგადად, ფორმატი შესაძლებლობას იძლევა, რომ იყოს შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ასევე, ევროპის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. ამ შემთხვევაშიც იყო ასეთი შესაძლებლობები და გვქონდა ორმხრივი საუბრები სხვადასხვა საკითხებზე.“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელ კოლეგასთან და პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საკითხსაც.
„გვქონდა საუბარი უკრაინელ კოლეგასთან, ასევე პრეზიდენტთან. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენს შორის არის, და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარება. მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია, რომელიც ეხება უკრაინასთან დამოკიდებულებას, ასევე უკრაინის მხარდაჭრას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ასევე ვიხილოთ უკრაინის მხრიდან იგივე დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში. შეხვედრა წინასწარ არ ყოფილა დაგეგმილი, შეხვედრა შედგა სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში, უკრაინული მხარის ინიციატივით, და რამდენიმე წუთს გასტანა. ჩვენ მოვახერხეთ, რომ იმ მნიშვნელოვან საკითხებს შევხებოდით, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებობს.“ - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.