
მალაიზიაში ტერმინი LGBT „გადახრილი კულტურით“ ჩაანაცვლეს
მალაიზიის მთავრობამ ტერმინი LGBT ოფიციალურ კომუნიკაციაში „გადახრილი კულტურით“ ჩაანაცვლა.
ხელისუფლების განმარტებით, მიზანია ტერმინის LGBT ნორმალიზაციის თავიდან აცილება და სოციალურ მედიაში ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებული კონტენტის გავრცელების შეზღუდვა.
ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია, ფედერალური კანონმდებლობით სოდომია დანაშაულად ითვლება და 20 წლამდე პატიმრობით ისჯება. გარდა ამისა, მალაიზიაში მოქმედებს შარიათის პარალელური სამართლებრივი სისტემა, რომელიც მუსლიმებისთვის ერთის გარდა ყველა შტატში კრძალავს ერთნაირსქესიანთა სექსუალურ ურთიერთობას.
გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტში თებერვალში პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის რელიგიურ საკითხთა მინისტრის მოადგილემ მარჰამა როსლიმ განაცხადა და საზოგადოებას მოუწოდა, ტერმინი LGBT აღარ გამოიყენოს.
მისი თქმით, „რაც უფრო ხშირად ვახსენებთ ან ვწერთ ამ ტერმინს, მით უფრო მეტი მასთან დაკავშირებული კონტენტი ჩნდება სოციალურ მედიაში და ამ კულტურის პოპულარიზაციას უნებლიეთ ვუწყობთ ხელს“.
ინიციატივა გააკრიტიკა ჰომოსექსუალთა უფლებადამცველმა ჯგუფმა Justice for Sisters, რომლის შეფასებითაც, ახალი ტერმინი „ადამიანურ ღირსებას აკნინებს, დეზინფორმაციას ავრცელებს და აძლიერებს მცდარ შეხედულებას, თითქოს LGBT ადამიანები „გამოსასწორებლები“ არიან“.
მალაიზიის ხელისუფლება ბოლო პერიოდში ერთნაირსქესიანთა ღონისძიებების წინააღმდეგ კონტროლსაც ამკაცრებს. მაისის ბოლოს კუალა-ლუმპურში ჩატარებული რეიდების შედეგად „გეი წვეულების“ საქმეზე 51 მამაკაცი დააკავეს.
დაკავებულთაგან 28 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, 36-ს ნარკოტესტზე დადებითი პასუხი დაუდგინდა, ხოლო რეიდების დროს დაახლოებით 26 000 დოლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება კეტამინი, MDMA და ექსტაზი ამოიღეს.
