
მამუკა მდინარაძე: სუსში არის გუნდი, რომელთან ერთად დაუღალავმა შრომამ მოგვცა საშუალება, ვილაპარაკოთ, რომ მივაღწიეთ წარმატებებს. დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს სამსახური გეკა გელაძის ხელმძღვანელობით კიდევ უფრო გაძლიერდება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არის გუნდი, რომელთან ერთად დაუღალავმა შრომამ მოგვცა საშუალება, ვილაპარაკოთ, რომ ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებებს და ამ სამსახურს არამხოლოდ უსაფრთხოებაში, არამედ ქვეყნის განვითარებაში, წინსვლაში განსაკუთრებული როლი აქვს, - განაცხადა სუს-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ.
მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის წარდგენისას სუს-ის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გეკა გელაძის ხელმძღვანელობით სამსახური კიდევ უფრო გაძლიერდება.
„ბატონო პრემიერო, მადლობა თქვენ, პირველ რიგში, ამ წარმატებისათვის, რასაც არა მამუკა მდინარაძემ, არამედ ამ გუნდმა მიაღწია და როგორი გვერდით დგომაც იყო თქვენი მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამას ვერ შევძლებდით. აქ არის გუნდი, რომელთან ერთად დაუღალავმა შრომამ მოგვცა საშუალება, ვილაპარაკოთ, რომ ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებებს და ამ სამსახურს არამხოლოდ უსაფრთხოებაში, არამედ ქვეყნის განვითარებაში, წინსვლაში განსაკუთრებული როლი აქვს. მადლობა პერსონალურად თქვენ იმისათვის, რამხელა მხარდაჭერა იყო ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ეს სამსახური გაძლიერებულიყო და დღეს თუ ვინმე ლაპარაკობს ამ სამსახურის სიძლიერეზე, მთავრობის, პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა და გუნდის ერთობა, ოჯახურობის განცდა და პროფესიონალიზმი ამას უზრუნველყოფდა და ამისათვის თქვენ და თითოეულ თანამშრომელს მადლობა. გეკა გელაძე არის ადამიანი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე აქედან გადავიდა. გადაჭარბების გარეშე, შთამბეჭდავი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მისი სამსახური. ეს ჩვენმა საზოგადოებამაც კარგად ნახა. მისი ხელმძღვანელობა, მისი სისტემური მენეჯმენტი დაეტყო შინაგან საქმეთა სამინისტროს. დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს სამსახური მისი ხელმძღვანელობით კიდევ უფრო გაძლიერდება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge