
მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფოსთვის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, სადაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, საერთაშორისო დაკავშირებადობისა და სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლი საავიაციო სექტორს უჭირავს
დღეს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ახალ და უმნიშვნელოვანეს ეტაპს ვუდებთ საფუძველს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მხოლოდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ არის.
„ეს არის საქართველოს ეკონომიკური ზრდის, ტურიზმის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის, ვაჭრობისა და ქვეყნის საერთაშორისო მიმოსვლის გაფართოების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. სწორედ ამიტომ, მისი განვითარება სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანაა. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან საავიაციო ჯგუფთან - Groupe ADP-სთან, რომლის შემადგენლობაშიც TAV Airports-ი შედის, დღეს განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.
სახელმწიფოსთვის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, სადაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, საერთაშორისო დაკავშირებადობისა და სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლი საავიაციო სექტორს უჭირავს. ავიაცია პირდაპირ უწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, ვაჭრობის გაფართოებას, ბიზნესის გაძლიერებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართა საქართველოს საავიაციო ბაზრის გაფართოებისკენ“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 43-მა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო.
