
მედია: ავიამზიდზე ვითარება გაუარესებულია, მცირდება აუცილებელი მარაგები და სამხედროების ფსიქოლოგიური მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება
აშშ-ის კონგრესის „დემოკრატი“ წევრები პენტაგონსა და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებს პასუხს სთხოვენ ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ცნობა, რომ გემზე მყოფმა რამდენიმე ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ ავიამზიდიდან გადახტომა სცადა.
USS Abraham Lincoln-ზე მყოფი დაახლოებით 5 000 მეზღვაურისა და საზღვაო ქვეითის ოჯახის წევრების განცხადებით, გემზე, სულ მცირე, ორმა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ გადახტომა სცადა. მათი თქმით, ავიამზიდზე ვითარება გაუარესებულია, მცირდება აუცილებელი მარაგები და სამხედროების ფსიქოლოგიური მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება.
ავიამზიდმა სან-დიეგოს ბაზა გასული წლის ნოემბერში დატოვა და ზღვაში უწყვეტად ყოფნის რეკორდი დაამყარა. გემმა 200 დღეზე მეტი გაატარა ღია ზღვაში. თავდაპირველად წყნარ ოკეანეში მოქმედებისთვის განკუთვნილი ავიამზიდი თებერვლის ბოლოს, ირანთან ომის გამო, ახლო აღმოსავლეთში გადაიყვანეს, - წერს მედია.
ავიამზიდზე არსებული პირობების შესახებ პირველი ცნობები აპრილში გავრცელდა. იმ დროს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ინფორმაცია უარყვეს, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა კი ცნობებს ყალბი ამბავი უწოდა.
„სარდლობისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენს გემზე სუიციდური აზრების ან სუიციდის მცდელობების შესახებ შეტყობინებების ზრდა არ გვქონია“, - განუცხადა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელმა გამოცემა Newsweek-ს.
მისი თქმით, ჯარის ხელმძღვანელობა თითოეული სამხედრო მოსამსახურის კეთილდღეობას სერიოზულად ეკიდება. საჭიროების შემთხვევაში, მათთვის ხელმისაწვდომი არიან სასულიერო პირები, ექიმები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები, რომლებიც პრობლემებს აფასებენ და მათ მოგვარებაში ეხმარებიან.
„დემოკრატმა“ კონგრესმენმა კალიფორნიიდან მაიკ ლევინმა განაცხადა, რომ ხომალდზე მყოფ სამხედროებს არ აქვთ ჰიგიენის ძირითადი საშუალებები, სარგებლობენ მხოლოდ ობიანი საშხაპეებითა და გაფუჭებული ტუალეტებით, ხშირად არც ცხელი წყალი აქვთ და არც საკმარისი საკვები.
არიზონის შტატის „დემოკრატმა“ სენატორმა რუბენ გალეგომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების დეპარტამენტს მოუწოდა კონგრესის ორივე პარტიის წარმომადგენლებს ავიამზიდის ბორტზე ასვლის შესაძლებლობა მისცეს, რათა „ამ საშინელ ვითარებაზე ზედამხედველობის ფარგლებში გამოძიება ჩაატარონ“.
„ავიამზიდები ჩვეულებრივ პირობებშიც კი უკიდურესად სახიფათო სამუშაო ადგილებია. ზღვაში ხანგრძლივად ყოფნამ შესაძლოა ეს თანდაყოლილი რისკები კიდევ უფრო გაამწვავოს დაღლილობის, ტექნიკური მომსახურების გადადებისა და დასვენებისა და ძალების აღდგენის ნაკლები შესაძლებლობის გამო“, - აღნიშნულია კონექტიკუტის შტატის „დემოკრატი“ სენატორის რიჩარდ ბლუმენტალის მიერ ჰეგსეთისათვის გაგზავნილ წერილში.
იმედი
წყარო: imedinews.ge