
მეუფე შიო: მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია
მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო და მომავალი, ამაზე პასუხები ილია მეორის მიერ ბრძნულად გადადგმულ ნაბიჯებსა და გაკვალულ გზაშია, - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, პატრიარქობის კანდიდატმა, მეუფე შიომ გაფართოებული საეკლესიო კრების გახსნისას.
მეუფე შიომ აღნიშნა ისიც, რომ ილია მეორის მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და ეკლესიის მომავალზე ფიქრი ავალდებულებს ყველას, განაგრძოს ეს გზა ეკლესიის ერთგული მსახურებით, სიყვარულით, ურთიერთპატივისცემითა და ერთობით, რაც ყოველთვის იყო მისი უწმინდესობის უმთავრესი საზრუნავი.
„1 700 წლის წინ ჩვენმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ამ დღიდან მოყოლებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეროვნულ-სარწმუნოებრივი ერთობის, თვითმყოფადობის, კულტურის, სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და აზროვნების მთავარ საყრდენად იქცა. ამიტომაც არის ერთმანეთთან ასე ძალუმად გადაჯაჭვული ჩვენი ეკლესიისა და ერის ისტორია. ამიტომ იყვნენ ჩვენი გმირი წინაპრები და წმინდა მეფე-დედოფლები ქრისტეს ერთგული მსახურნი, მაგალითი ჭეშმარიტი სარწმუნოების. ჩვენი ეკლესიის მნათობთა შორის განსაკუთრებით ბრწყინავს იმ სასულიერო პირების ღვაწლი, რომელთა მსახურებაც ქრისტეს რწმენის ერთგულებასთან ერთად, ქვეყნის ერთგულებას, სახელმწიფოებრიობის სიმტკიცესა და შენარჩუნებას ემსახურებოდა.
დღეს აქ შეკრებილნი მადლიერებითა და სიყვარულით ვიხსენებთ საქართველოს ეკლესიის მამამთავრებს. მათ შორის წმინდა მღვდელმოწამე კირიონს, წმინდა ამბროსი აღმსარებელს, წმინდა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს, მე-20 საუკუნეში მოღვაწე სხვა ღირსეულ კათოლიკოს-პატრიარქებს - ლეონიდეს, ქრისტეფორეს, მელქისედეკ მესამეს, ეფრემ მეორეს, დავით მეხუთეს და რა თქმა უნდა, ჩვენს ძვირფას სულიერ მამას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.