
მოლდოვაში პოლიტიკური სკანდალია. სანდუს ახლო ნათესავი სახელმწიფო უწყებაში მუშაობისთვის თვეში 6 ათას ევროს ხელფასის სახით იღებდა
მოლდოვაში პოლიტიკური სკანდალი აგორდა. მოლდავური მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტის მაია სანდუს ახლო ნათესავი სახელმწიფო კომპანიაში იყო დასაქმებული და თვეში ხელფასის სახით 6 ათას ევროს იღებდა.
მედიის ცნობით, საუბარია ანასტასია ტაბურჩანუზე, რომელიც სახელმწიფო კომპანია MoldATSA-ში მუშაობდა. კომპანია მოლდოვის საჰაერო სივრცეში თვითმფრინავების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.
როგორც მედიამ გაარკვია, მუშაობის ერთ არასრულ წელიწადში ტაბურჩანუმ გასამრჯელოს სახით 56 ათას დოლარზე მეტი მიიღო. მედიაში აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სანდუს ნათესავმა თანამდებობა დატოვა, ბოდიში მოიხადა და პირობა დადო, რომ თანხას, რომელიც პრემიებისა და დანამატების სახით აიღო, სახელმწიფოს დაუბრუნებს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის ივნისამდე ტაბურჩანუ სახელმწიფო კანცელარიაში კომუნიკაციების სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში თვეში 4 ათას ევროს იღებდა ხელფასის სახით.
მოლდავური მედიის ცნობით, სკანდალის აგორების გამო მოლდოვის მმართველ პარტიაში „მოქმედება და სოლიდარობა“ აღიარეს, რომ მათი რეიტინგი დაეცა.
შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა თავად სანდუც, რომელმაც აღნიშნა, რომ არ იცოდა, თუ რა ხდებოდა სახელმწიფო უწყებაში.
„ის, რაც მოხდა MoldATSA-ში და სხვა დარღვევები ჩვენს ღირებულებებთან შეუთავსებელია. ის ფაქტი, რომ ადამიანი ჩემი გარემოცვიდან აღნიშნული რამ ჩაიდინა, ვითარებას ამძიმებს. მსურს გულწრფელად განვაცხადო, რომ მე თანამდებობის ბოროტად გამოყენების აღნიშნული ფაქტების შესახებ არ ვიცოდი, თუმცა ესეც არ არის გამართლება“, - თქვა სანდუმ პრესკონფერენციაზე.
პრეზიდენტს ცალკე დაუსვეს კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენი მისი ნათესავი მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურებში, რაზედაც მან განაცხადა, რომ არ იცის.