
„მორიგ უნიჭო სცენართან გვაქვს საქმე, როდესაც 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების 14 წლის თავზე, რადიკალები და მათი გარე პატრონები ცდილობენ, ტოლობის ნიშანი დასვან დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებასა და სააკაშვილის რეჟიმის ციხეებში არსებულ ჯოჯოხეთურ რეალობას შორის“ - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
როგორი იყო საქართველოს რეალობა მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე? - შიში, ტერორი, ბიზნესრეკეტი, ტოტალური მოსმენები, ქუჩაში ჩაცხრილული ახალგაზრდები, თავისუფალი სიტყვისა და მედიის ბოლომდე ჩახშობის მცდელობა, შეკერილი საქმეები, ჯოჯოხეთად ქცეული ციხეები, ყალბი აღიარების მისაღებად სასტიკად ნაწამები და გარდაცვლილი ადამიანები, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ.
მან გაიხსენა სააკაშვილის ხელისუფლების ნამოქმედარი და ისაუბრა, თუ რატომ არის 2012 წლის პირველი ოქტომბერი წყალგამყოფი და ახალი საქართველოს დაბადების თარიღი.
„მდიდრული ცხოვრება მხოლოდ რეჟიმის შემოქმედისა და მისი ახლო გარემოცვისთვის ბიუჯეტის ხარჯზე. გარე პატრონების მითითებით დაწყებული სამხედრო ესკალაციები, დამატებით ასობით სოფელზე დაკარგული კონტროლი და დამატებით ათობით ათასი დევნილი - სწორედ ასეთი იყო „დემოკრატიის შუქურა“, რომელიც დიდი ექსპერიმენტის, ე.წ. ვარდების რევოლუციის გზით მოსულმა სააკაშვილის რეჟიმმა შექმნა.
კიდევ რამდენის გახსენება შეიძლება - პოლკოვნიკ თეთრაძის წამებით მკვლელობის, დაარქივებული და კასრებით დამარხული უმძიმესი კადრების, მეგის ქარდავას, ბაჩო ახალაიას და რეჟიმის სხვა ჯალათების.
რატომ არის 2012 წლის პირველი ოქტომბერი წყალგამყოფი და ახალი საქართველოს დაბადების თარიღი? - იმიტომ, რომ ყველაფერი, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, წარსულში დარჩა. საქართველო აღარ არის გარე პატრონების ექსპერიმენტების სივრცე, ხელისუფლება ემსახურება ქართველ ხალხს და არა „დიფ სთეითს“.
სწორედ ამას ვერ პატიობენ საქართველოს, რომ ხელისუფლება უსმენს საკუთარ ხალხს და არა ევრობიუროკრატიას. ვერ პატიობენ, რომ იცავს ეროვნულ იდენტობას, ქვეყნის სუვერენიტეტს და არ ასრულებს გარე პატრონების დავალებას - შექმნას ახალი ქართველი, რომელიც სრულად დაცლილი იქნება ეროვნულობისგან. ხელისუფლების ძალადობრივი გზით შესაცვლელად სხვადასხვა საბაბით პროტესტის აგორების არაერთი მცდელობაც ვნახეთ.
ჩანს, ახლაც მორიგ ასეთ უნიჭო სცენართან გვაქვს საქმე, როდესაც 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების 14 წლის თავზე, რადიკალები და მათი გარე პატრონები ცდილობენ, ტოლობის ნიშანი დასვან დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებასა და სააკაშვილის რეჟიმის ციხეებში არსებულ ჯოჯოხეთურ რეალობას შორის. პატიმრების წამებისა და გაუპატიურების პრაქტიკა ამ ქვეყანაში 14 წლის წინ დასრულდა და ტყუილი შავი პიარისთვის, რომელმაც სულ 15 წუთს გასტანა, შედეგის მომტანი ვერ იქნება. შესაძლოა, ამ სცენარის ავტორები და შემსრულებლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ 2025 წლის 21 დეკემბერს, დეესკალაციის ოთახში გადაღებული კადრები 9 თვის შემდეგ უკვე წაშლილი იქნებოდა.
შესაძლოა, ამის იმედი ჰქონდათ პატიმარ გიორგი დავითაძეს, მის ოჯახს, ადვოკატებს, რადიკალებს, მდიდარ „ენჯეოთა“ კლანს, მაგრამ უსწრაფესად, ოპერატიულად მოხდა კადრების გავრცელება და უმძიმეს ბრალდების გაქარწყლება. გამოძიება უნდა გაგრძელდეს, თუ გამოიკვეთება გადაცდომა, შესაბამისმა პირმა პასუხი უნდა აგოს და დადასტურების შემთხვევაში ეს ასეც მოხდება, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, განსხვავებით სააკაშვილის ავტოკრატიული რეჟიმისგან, საქმეების შეკერვა, დანაშაულის დამალვა და მკვლელებისა თუ მწამებლებისთვის სასათბურე პირობების შექმნა, ისე როგორც გირგვლიანის მკვლელების შემთხვევაში მოხდა, მიუღებელია.
მსჯავრდებულ დავითაძის საქმე შეისწავლა სახალხო დამცველის აპარატმა. ომბუდსმენის წარმომადგენლები შეხვდნენ მას. ასევე გაეცნენ უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებს და ოფიციალურად განაცხადეს, რომ ამ ჩანაწერების საფუძველზე პატიმრის მიერ აღწერილი მძიმე ძალადობის დეტალები არ დადასტურდა. ანუ, ერთი მხრივ, გვაქვს მსჯავრდებულის მძიმე განცხადება, ხოლო მეორე მხრივ, ვიდეომასალა და სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული პირველადი მოკვლევა, რომელიც მის მონათხრობს არ ადასტურებს.
აქ ჩნდება მთავარი კითხვა - რატომ გახდა ეს თემა აქტუალური ახლა, მაშინ, როდესაც თავად ფაქტი 2025 წლის დეკემბერში მოხდა, თითქოს? ერთი რამ ცხადია, პატიმრის უფლებების დაცვა და პენიტენციურ სისტემაში კანონის უზენაესობა სახელმწიფოს ვალდებულებაა.
საქმის დეტალებს პროკურატურა უკვე სწავლობს და რა მოხდა სინამდვილეში მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში, ამ კითხვებზე გამოძიება გასცემს პასუხს, ოღონდ არა ისეთი გამოძიება, როგორიც 2012 წლამდე ტარდებოდა ქვეყანაში.
განვმეორდები და გეტყვით - რადიკალების და მათი პატრონების მცდელობა, საკუთარი მედიების და პოლიტიზებული „ენჯეო“-სექტორის გამოყენებით როგორმე 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 14 წლის თავზე მაინც მოეხერხებინათ ტოლობის ნიშნის დასმა სააკაშვილის სისხლიან რეჟიმსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას შორის, ისევ კრახით დასრულდა“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge