
Nasdaq Calypso-სა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ისტორიული პარტნიორობის დაწყების ფარგლებში, ხუთი წამყვანი ქართული კომერციული ბანკი სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას მოახდენს
საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ეგიდით Nasdaq Calypso - საზიარო პლატფორმა დაინერგება, რომელიც უზრუნველყოფს საბანკო სექტორის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობად საჭირო საიმედო, საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურას. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ქვეყნის ხუთი წამყვანი კომერციული ბანკი - „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „ტერაბანკი“ და „ბაზისბანკი“ დანერგავს Nasdaq Calypso სისტემას საერთო ინფრასტრუქტურის ფარგლებში, რომელიც ფარავს ვაჭრობის სრულ ციკლს. აღნიშნული ინიციატივა, რომელიც „საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის" (GMAP) ფარგლებში ხორციელდება და, რომელსაც კოორდინაციას უწევს „საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია" (GFMTA), წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარების გზაზე.
პროექტის მონაწილე ხუთი კომერციული ბანკი წარმოადგენს საქართველოს კომერციული საბანკო სექტორის აქტივების უდიდეს ნაწილს. მათი გადასვლა საერთო, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს, როგორც თანამედროვე და კარგად მართული ფინანსური ბაზრის, ჩამოყალიბების გზაზე.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს კომერციული საბანკო სექტორი ხასიათდებოდა ორნიშნა ზრდით, სადაც საერთო აქტივები უახლოვდება 38 მილიარდ აშშ დოლარს - რაც ქვეყნის ფინანსური სისტემის მასშტაბსა და დინამიურობაზე მეტყველებს. სექტორის ზრდასთან ერთად, გაიზარდა მოთხოვნა უფრო კომპლექსურ სახაზინო ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც შეუძლია ფასიანი ქაღალდებისა და დერივატივების ბაზრების მხარდაჭერა, კორპორატიული დონის რისკების მართვა და სულ უფრო მკაცრი მარეგულირებელი სტანდარტების დაკმაყოფილება. ამავდროულად, მსგავსი ინფრასტრუქტურის ცალკეული ინსტიტუციის დონეზე დანერგვისა და მხარდაჭერისთვის საჭირო ინვესტიცია მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ნებისმიერი ცალკეული ბანკისთვის. საერთო, კოორდინირებული მიდგომა, რომელიც სექტორის მასშტაბით, რესურსებისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს, ამ მიზნის მასშტაბურად მიღწევის ყველაზე ეფექტიან გზას წარმოადგენს.

