
POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა
სლოვაკეთის მთავრობამ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ინდივიდუალური სანქციების პაკეტის 12 თვით გახანგრძლივების გეგმა უარყო. ინფორმაციას POLITICO სამ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
სანქციები, რომლებიც აქამდე არაერთხელ, ექვსი თვით გაგრძელებულა, 15 სექტემბერს იწურება. ბრიუსელს მათი უფრო მეტი ვადით გახანგრძლივება და სანქციების ყოველ ექვს თვეში ხელახალი შეთანხმების თავიდან აცილება სურდა, თუმცა ნებისმიერი ცვლილების დასამტკიცებლად, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვანი მხარდაჭერაა საჭირო.
სანქციების ექვსთვიანი განახლების ციკლი კომპრომისის შედეგი იყო და მისი მიზანი უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პოზიციის გათვალისწინება გახლდათ. ბუდაპეშტი ვადის რეგულარულად ამოწურვას ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან დათმობების მისაღებად იყენებდა, წერს გამოცემა.
ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე, ევროკავშირის ელჩებმა წინადადებაზე საერთო პოზიციის მიღწევა ვერ შეძლეს, სლოვაკეთი კი ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელიც გეგმას არ დაეთანხმა.
„როგორც ჩანს, მათ გარკვეული პრეტენზიები აქვთ. ვფიქრობ, ეს ადრეც მოგვისმენია“ - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.
სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენელმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გაავრცელა: „სანქციების რეჟიმის რეგულარულ, ექვსთვიან გადახედვასთან დაკავშირებით დისკუსიები... გრძელდება და მათი დასრულება 2026 წლის 15 სექტემბრამდე იგეგმება“, აღნიშნულია განცხადებაში.
მოლაპარაკებების ფარგლებში ასევე განიხილებოდა სანქციების სიაში დამატებით 27 ფიზიკური პირისა და კომპანიის შეყვანა, რაც მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული აქტივების გაყინვას გამოიწვევს.
POLITICO-ს ცნობით, ახლა სანქციების პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ტექნიკური ექსპერტები ცვლილებებსა და სანქციების გახანგრძლივების საკითხს ხელახლა განიხილავენ.
იმედი
წყარო: imedinews.ge