
პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში მოისმინეს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ იუსტიციის სამინისტროს 2025 წლის ანგარიში მოისმინეს.
მომხსენებლის, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, ანგარიშში წარდგენილია ინფორმაცია ორ საქმეზე. მისი თქმით, პირველი არის ინფორმაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილ საქმეზე - „ჯ.ჩ. და ჯ.ე. საქართველოს წინააღმდეგ“ ინდივიდუალურ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ.
„ეს საქმე შეეხება 2010 წელს მომხდარ ფაქტს, როდესაც მამა-შვილი დააკავეს და ისინი არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ. უფრო მეტიც, ერთ-ერთი მათგანი ინსულინზე დამოკიდებული იყო და მას არ მიეცა შესაძლებლობა დროულად მიეღო მედიკამენტი, რის გამოც მხედველობა გაუუარესდა. ეს საქმე ერთ-ერთი აღსასრულებელი საქმეა. იმის გამო, რომ საწყის ეტაპზე გამოძიება არ ჩატარდა, წლების შემდეგ აუცილებელი გახდა ამ გამოძიების გახსნა. საგამოძიებო ორგანო ახლაც ზრუნავს, რომ ხარვეზები გამოასწოროს და ბოლომდე მიიყვანოს ეს საქმე. რაც შეეხება კომპენსაციას, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტის გადაწყვეტილება სამართლებრივად არ არის სავალდებულოდ შესასრულებელი, საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შეიქმნა მექანიზმი, რომლის საფუძველზეც ორივე მათგანმა მიიღო კომპენსაცია - ერთმა თორმეტი ათასი ლარი, ხოლო მეორემ - ოცი ათასი ლარი“, - აღნიშნა მომხსენებელმა.
ბექა ძამაშვილის განცხადებით, მეორე საქმეზე ინფორმაცია ნინოწმინდის პანსიონს შეეხება, რომელიც გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა განიხილა.
„აქ მთავარი გამოწვევა ის იყო, რომ გარკვეული პერიოდი სახელმწიფოს არ ჰქონდა შესაძლებლობა, ზედამხედველობა განეხორციელებინა პანსიონში ბავშვების უფლებრივ მდგომარეობაზე, რის გამოც გაერო-ს კომიტეტმა დაადგინა შესაბამისი დარღვევა. დღეს სახელმწიფოს მხრიდან ამ პანსიონის მიმართ სრული მონიტორინგი ხორციელდება. იმ ბავშვებიდან, ვის მიმართაც დარღვევა დადგინდა, მხოლოდ სამი რჩება პანსიონში, საკუთარი სურვილის შესაბამისად. თითოეული მოსარჩელისთვის კომპენსაცია დადგენილია 30 000 ლარის ოდენობით“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
„საქართველოსთან მიმართებით სულ 15 საქმეზეა გადაწყვეტილება გამოტანილი. აქედან დარღვევა დადგინდა 7 საქმეზე. ამ 7-დან მხოლოდ ეს 2 საქმეა აღსასრულებელი“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
ინფორმაციას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge