
პატრიარქი: ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგებისა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა, დევნილების დაბრუნებისა თავიანთ სახლებში... ღვთის ძალით და მადლით ყველაფერი შესაძლებელია და ეს აუცილებლად მოხდება
ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგებისა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა, დევნილების დაბრუნებისა თავიანთ სახლებში... ღვთის ძალით და მადლით ყველაფერი შესაძლებელია და ეს აუცილებლად მოხდება, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III ქადაგებისას წმინდა სიმონ კანანელის ხსენების დღეს, აფხაზეთობას.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. პატივცემულო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარევ, პატივცემულო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარევ, ძვირფასო მეუფევ, მამებო, ძმებო და დებო!
გილოცავთ დღევანდელ დღეს - აფხაზეთობას, წმინდა მოციქულ სიმონ კანანელის ხსენებას. მოგეხსენებათ, ეს დღესასწაული დააფუძნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.
დღეს ჩვენ შევასრულეთ პარაკლისი და პანაშვიდი, ვილოცეთ აფხაზეთისთვის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის. აფხაზეთში, სამაჩაბლოში ბრძოლის ველზე მომწყდართათვის, ქართველებისთვისაც, აფხაზებისთვისაც, ოსებისთვისაც, ვილოცეთ ჩვენი გამთლიანებისთვის, ჩვენი შერიგებისთვის.
ვფიქრობთ დღეს ჩვენს დევნილებზეც, რომლებიც განდევნილნი იყვნენ ეთნიკური ნიშნით, შეიძლება ასე ითქვას, და ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგებისა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა, დევნილების დაბრუნებისა თავიანთ სახლებში.
მაგრამ, ვფიქრობთ რა ყოველივე ამაზე, ჩვენც ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ ადამიანური ძალისხმევით ამის მიღწევა შეუძლებელია. უკვე რამდენი წელი გავიდა, რას არ ვცდილობთ, მაგრამ ვრწმუნდებით იმაში, რომ თუ არა ღვთის დიდი ძალა და მადლი, ეს არ მოხდება, როგორც ყოველი დიდი საქმე. მარტო ადამიანური ძალებით, როგორც ამბობს უფალი, ხომ გახსოვთ? - „უჩემოდ არ შეგიძლიათ არაფერი“ (ინ. 15, 5). ღვთის ძალით და მადლით კი ყველაფერი შესაძლებელია და ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ ამისთვის საჭიროა, ჩვენ გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები.
