
POLITICO: აშშ ნატოს მოკავშირეების სამხედრო მხარდაჭერას ამოწმებს, პარალელურად კი ევროპაში ჯარების შემცირებას განიხილავს
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ ელბრიჯ კოლბიმ გუშინ ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შეერთებული შტატების თავდაცვის სფეროში არსებული ძირითადი მიზნების მხარდაჭერაზე მათი პოზიცია შეამოწმა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს პირველი ასეთი ტესტია აშშ-ის ევროპაში სამხედრო ძალების განთავსების კრიტიკული გადახედვის წინ.
აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირის იშვიათი ვიზიტი ვაშინგტონის იმ კამპანიის მორიგი ნაბიჯია, რომლის მიზანია ევროპისა და კანადის მიერ საკუთარ თავდაცვაზე ხარჯების გაზრდა. ამასთან, ვაშინგტონს სურს, შეამოწმოს მოკავშირეების ერთგულებაც, მას შემდეგ, რაც ნატოს რამდენიმე ქვეყანამ შეზღუდა საჰაერო სივრცესა და ამერიკულ ბაზებზე წვდომა, რომლებიც ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომთან იყო დაკავშირებული, წერს გამოცემა.
„გადახედვის პროცესი ხელს შეუწყობს, შესაძლებელს გახდის და დააჩქარებს კონტინენტის უფრო მდგრად და ძლიერ, ევროპაზე დაფუძნებულ კონვენციურ თავდაცვაზე გადასვლას“, - განაცხადა კოლბიმ ნატოს 32 ელჩთან შეხვედრისას.
როგორც POLITICO იუწყება, ნატოს ზოგიერთი მოკავშირე ამ მიდგომით უკმაყოფილოა. ევროპელი თავდაცვის სფეროს ორი ოფიციალური პირის განცხადებით, აშშ-მა მიმდინარე თვის დასაწყისში მოკავშირეებს კითხვარი გაუგზავნა, რომელშიც მათ სთხოვდა, დეტალურად დაეფიქსირებინათ პოზიცია სხვადასხვა საკითხზე, თავდაცვის ხარჯებით დაწყებული, აშშ-ის საგარეო პოლიტიკით დასრულებული.
„ეს საშიში პროცესია“, - განაცხადა ნატოს ერთ-ერთმა დიპლომატმა და კითხვარი მოკავშირეებისგან „მეფისადმი ერთგულების ფიცის დადების“ მცდელობად შეაფასა.
კოლბიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ კითხვარის მიზანი არ ყოფილა პირობების „კარნახი“ ან აშშ-ის სამხედრო ძალებისთვის წვდომის საკითხზე „სრული თავისუფალი მოქმედების“ მოპოვება. მან ასევე შეაქო ქვეყნები, რომლებიც „კოლექტიური თავდაცვისთვის სამხედრო შესაძლებლობებს აღადგენენ“, წერს გამოცემა.
თუმცა კოლბიმ დასძინა: „ჩვენ უნდა შეგვეძლოს ეფექტიანად მოქმედება; გვჭირდება პროგნოზირებადობა“. მისი თქმით, ევროპაში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე წვდომა ვაშინგტონის მიერ კონტინენტზე აშშ-ის სამხედრო ყოფნის ექვსთვიანი გადახედვის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა აღნიშნული გადახედვის პროცესი ივნისში გამოაცხადა. გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი იყო საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის, ასევე სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვები აშშ-ის საჰაერო სივრცესა და სამხედრო ბაზებზე წვდომასთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ შეზღუდვების გამო წლის დასაწყისში ნატოდან გასვლითაც კი დაიმუქრა.
იმედი
წყარო: imedinews.ge