
POLITICO: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიაში უკრაინაზე ბოლო თავდასხმების შემდეგ კიდევ 5 პირი დაამატა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიას კიდევ ხუთი პირი დაამატა. გადაწყვეტილება მოსკოვის მიერ უკრაინაში „სამოქალაქო პირებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განზრახ მიმართული დარტყმების გააქტიურებას“ უკავშირდება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კონკრეტული თავდასხმა მითითებული არ არის, თუმცა მიმდინარე კვირის დასაწყისში რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელა, რასაც 17 ადამიანი ემსხვერპლა. ივლისში კი კიევზე განხორციელებულ მსგავს თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა.
სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში დასახელებულ პირებს შორის არის რამილ ბაგდუტდინოვი - კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც „ისკანდერ-М“-ის ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში იღებს მონაწილეობას. სანქციები ასევე დაუწესდა ალექსანდრ დიუკარევს, „კრასმაშის“ ქარხნის ხელმძღვანელს, სადაც „სარმატის“ ბალისტიკურ რაკეტებს აწარმოებენ.
რუსეთს „სარმატის“ რაკეტები უკრაინის წინააღმდეგ ჯერჯერობით არ გამოუყენებია, თუმცა მოსკოვმა მათი გამოცდა უკვე ჩაატარა.
სანქციების სიაში შეყვანილი დანარჩენი პირები რუსეთის თავდაცვის სფეროში მოქმედი კომპანიების ხელმძღვანელები არიან. მათი კომპანიები საკომუნიკაციო სისტემების წარმოებას, უპილოტო საფრენი აპარატებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნასა და კოსმოსთან დაკავშირებული სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებაში არიან ჩართულნი.
„მოსკოვი, რომლის არმიაც ბრძოლის ველზე შეჩერებულია, კიდევ უფრო აძლიერებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორის კამპანიას“, - წერს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი X-ზე.
მისი თქმით, „ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლა უნდა გააძლიეროს მანამდე, სანამ მოსკოვი ომს არ დაასრულებს“.
იმედი
წყარო: imedinews.ge