
POLITICO: ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების სურვილი ბრიუსელსა და ევროპულ დედაქალაქებში დაძაბულობას იწვევს
უკრაინის სურვილი, დაჩქარებული ტემპით გააგრძელოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მზარდ დაძაბულობას იწვევს კიევს, ბრიუსელსა და ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის დედაქალაქებს შორის. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ამის შესახებ დიპლომატები და ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ იმ ფონზე, როცა მომავალ კვირას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ოფიციალური კლასტერის გახსნა იგეგმება.
POLITICO-ს ცნობით, კიევი და ბრიუსელი 15 ივნისს ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივას მნიშვნელოვან წინსვლად აფასებენ. თუმცა, უკრაინაში იზრდება შიში, რომ ქვეყნის კანდიდატურის განხილვა, შესაძლოა, პოლიტიკური გარემოებების გამო „გვერდზე გადაიდოს“. ერთ-ერთ შესაძლო ფაქტორად საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებიც სახელდება, რამაც, შესაძლოა, ევროკავშირის გაფართოების საკითხი დროებით დღის წესრიგიდან მოხსნას.
ამავე დროს, ბრიუსელში შეშფოთებას იწვევს უკრაინაში რეფორმების ტემპი და მათი განხორციელების ხარისხი.
დამატებითი გაურკვევლობა გამოიწვია საფრანგეთისა და გერმანიის მიერ განხილულმა წინადადებებმა, რომლებიც უკრაინისთვის „ასოცირებული წევრობის“ ან სხვა შუალედური ფორმების შეთავაზებას ითვალისწინებს.
„პრაქტიკაში, უკრაინას სთავაზობენ ყველაფერს, გარდა თავად წევრობისა“, - განაცხადა ევროკავშირში უკრაინის ელჩმა ვსევოლოდ ჩენცოვმა.
დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, კიევი ფრანგულ-გერმანულ ინიციატივებს პირდაპირ არ უარყოფს, თუმცა მოითხოვს უფრო მკაფიო გარანტიებს იმის შესახებ, რომ საბოლოო მიზანი სრულუფლებიანი წევრობა იქნება.
უკრაინას სურს, მიმდინარე ზაფხულის დასრულებამდე არა ერთი, არამედ რამდენიმე მოლაპარაკებით კლასტერი გაიხსნას. კიევის აზრით, ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი იქნება როგორც ქვეყნის პოლიტიკური ელიტისთვის, ისე ომით დაღლილი მოსახლეობისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება რეალური პერსპექტივაა და არა მხოლოდ შორეული მიზანი.
