
POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
POLITICO-ს ინფორმაციით, იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლები ესპანეთის შენგენის ზონიდან გარიცხვას მოითხოვენ. ამის მიზეზი მაროკოს სანაპიროსთან მდებარე ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში მიგრაციული კრიზისის გამწვავებაა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ათასობით მიგრანტი შევიდა.
როგორც გამოცემა იუწყება, მაროკოს სანაპიროზე მდებარე ესპანეთის ტერიტორიაზე მიგრანტების შესვლის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა, რასაც მიგრაციის შეზღუდვის მომხრე პოლიტიკოსებისა და აქტივისტების მწვავე რეაქცია მოჰყვა.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: „სეუტიდან გავრცელებული კადრები შოკის მომგვრელია და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ უკონტროლო არალეგალური მიგრაცია ევროპის საზღვრების უსაფრთხოებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი საზღვრებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად საჭიროების შემთხვევაში საგანგებო ზომებიც კი მივიღოთ“.
მელონიმ, იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ, რომლებიც მმართველი მემარჯვენე კოალიციის სამი მთავარი პარტიის ლიდერები არიან, შენგენის შეთანხმების მოქმედების შეჩერება ან ესპანეთის თავისუფალი გადაადგილების ზონიდან გარიცხვა მოითხოვეს, წერს POLITICO.
აღსანიშნავია, რომ შენგენის შეთანხმება 29 ევროპულ სახელმწიფოს შორის ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფს. თუმცა, მიგრაციული საფრთხეების მოტივით, რამდენიმე ქვეყანამ ცალკეულ საზღვრებზე სასაზღვრო კონტროლი უკვე აღადგინა. იტალიამ, მაგალითად, დროებით კონტროლი სლოვენიასთან საზღვარზეც დააბრუნა, რაც ხელისუფლების განმარტებით, კონტრაბანდისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიზანს ემსახურება.
ანტონიო ტაიანიმ საკითხი კიდევ უფრო გაამწვავა. მან სეუტაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მიგრაციულ პოლიტიკას დააკისრა. მისი თქმით, ასობით ათასი არალეგალი მიგრანტის ლეგალიზების გეგმა „ფუნდამენტურად მცდარია“ და „ადამიანებით ვაჭრობას ახალ სტიმულს აძლევს“.
მის ამ განცხადებას მკაცრი პასუხი გასცა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა, რომელმაც იტალიის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის სამინისტროში დაიბარა.
„ასეთი განცხადება პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს არ ეკადრება. იტალიისგან ევროპულ სოლიდარობას ველით და არა პარტიულ დემაგოგიას“, - დაწერა ალბარესმა სოციალურ ქსელ X-ში.
როგორც POLITICO წერს, ესპანეთის გადაწყვეტილება არალეგალი მიგრანტების ლეგალიზების შესახებ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ევროკავშირის დონეზე მწვავე კამათის საგანია. ამ საკითხზე ჯორჯია მელონისა და პედრო სანჩესს შორის აზრთა დაპირისპირება გასულ თვეს ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზეც მოხდა.
ამავდროულად, ესპანეთი, რომელიც ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვის, ახლა რამდენიმე მიმართულებით დიპლომატიური ზეწოლის ქვეშაც აღმოჩნდა.
სეუტაში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) პრეზიდენტი მანფრედ ვებერიც. მისი განცხადებით: „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ რამეს - მიგრაციის პაქტი და დაბრუნების რეგულაცია დღესვე უნდა ამოქმედდეს და არა ხვალ“.
ევროკავშირის მიგრაციის საკითხებში კომისარმა მაგნუს ბრუნერმა განაცხადა, რომ ევროკომისია ესპანეთს, მათ შორის სეუტაში, საზღვრების დაცვის უზრუნველყოფაში აქტიურად ეხმარება. მისივე თქმით, ის მუდმივ კონტაქტზეა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ფერნანდო გრანდე-მარლასკასთან.
ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით, ბრიუსელი მიესალმება მაროკოსა და ესპანეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს მიგრაციული ნაკადების შეჩერებას და იმ პირების სწრაფ დაბრუნებას, რომლებიც სეუტაში უკანონოდ შევიდნენ.
„მაროკო ევროკავშირის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ თანამშრომლობა მიგრაციის, საზღვრების მართვისა და ადამიანთა გადამყვანი ქსელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ახლა ვმუშაობთ, რომ ეს ურთიერთობა ყოვლისმომცველ და სტრატეგიულ პარტნიორობად გადაიქცეს“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge