
POLITICO: ლატვია სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს ევროკავშირის უარს, აუკრძალოს წევრ სახელმწიფოებში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ
როგორც გამოცემა POLITICO იუწყება, ლატვია სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს ევროკავშირის უარს, აუკრძალოს წევრ სახელმწიფოებში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ.
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა გაიხსენა, რომ სანქციების ბოლო პაკეტის განხილვისას საფრანგეთი და იტალია რუსი მებრძოლებისთვის შესვლის სრულ აკრძალვას დაუპირისპირდნენ.
აღნიშნულმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ეს საკითხი ევროკავშირის სავიზო წესებით უნდა დარეგულირდეს და არა სანქციების ჩარჩოს ფარგლებში.
ამავდროულად, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ითხოვდნენ.
ამრიგად, მიღწეულმა შეთანხმებამ შექმნა სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი იმ რუსი მებრძოლების ევროკავშირში შესვლის აკრძალვისთვის, რომლებიც ომში მონაწილეობდნენ. თუმცა მან ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს დაუტოვა უფლება, თავად გადაწყვიტონ, თუ როდის ამოქმედდება აღნიშნული აკრძალვა.
„ჭკუიდან შევიშალეთ? ვიზებს ვაძლევთ რუს სამხედროებს - სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც ბრძოლის ველზე უკრაინელებს ხოცავენ“, - განაცხადა კულბერგსმა.
კულბერგსი ასევე ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას გადაწყვეტილებას რუსეთთან კომუნიკაციის არხის გახსნის შესახებ. მას მიაჩნია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება „ყველა ქვეყანამ ერთობლივად“ უნდა მიიღოს.
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა მოსკოვთან კონტაქტების დამყარების ნებისმიერ მცდელობას „ამაო ვარჯიში“ უწოდა და აღნიშნა, რომ არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მოლაპარაკებებისთვის მზადაა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები რუსეთს მხოლოდ „სულის მოსათქმელ დროს“ მისცემს „შემდეგი ნაბიჯის“ გადასადგმელად.
იმედი
წყარო: imedinews.ge