
POLITICO: ფრიდრიხ მერცი კვირას რეგიონულ არჩევნებს, შედეგის მიუხედავად, წააგებს
გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცისთვის აღმოსავლეთ გერმანიაში კვირას დაგეგმილი არჩევნები კარგ არაფერს უქადის. ის მხოლოდ სხვადასხვა სახის პოლიტიკურ დამცირებას მიიღებს, იუწყება POLITICO.
წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საქსონია-ანჰალტის მიწაზე დამაჯერებლად გაიმარჯვებს და მერცის კონსერვატორებს დიდი უპირატესობით ჩამოიტოვებს. ასეთი შედეგი ყველაზე მკაფიოდ აჩვენებს, რამდენად გაძლიერდა ულტრამემარჯვენე ძალა და როგორ გადაასწრო მან ქვეყნის ფართო ტერიტორიებზე ტრადიციულ პოლიტიკურ პარტიებს, წერს გამოცემა.
POLITICO-ს ინფორმაციით, მერცისთვის ეს პოლიტიკური დამცირება კიდევ უფრო მძიმე იქნება, თუ AfD საკმარისი ხმების მოპოვებას შეძლებს და რეგიონულ პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას მოიპოვებს, რაც მას მიწის დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობას მისცემს. ყოველ შემთხვევაში, გერმანიის ტრადიციული პოლიტიკური ძალების თვალსაზრისით, ეს მერცს ქვეყნის ომის შემდგომ ისტორიაში სამარცხვინო ადგილს დაუმკვიდრებს - როგორც ეროვნულ ლიდერს, რომლის მმართველობის დროსაც ულტრამემარჯვენე ძალამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მოიპოვა რეალური მმართველობის შესაძლებლობა.
თუ AfD მიწის დამოუკიდებლად სამართავად საჭირო უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, რაც ბოლო მონაცემებით, სულ უფრო მოსალოდნელი ხდება, მერცის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU), რომელიც მეორე ადგილზე გავა, რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდება, რადგან კოალიციის შექმნას მემარცხენე პარტიებთან შეეცდება. ასეთი ალიანსი, სავარაუდოდ, თავიდანვე არამდგრადი იქნება და კანონების მისაღებად მემარცხენე ან მემარჯვენე რადიკალების მხარდაჭერაზე იქნება დამოკიდებული, წერს POLITICO.
იზრდება ასევე შეშფოთება, რომ AfD შესაძლოა სწორედ ამ სცენარისთვის ემზადებოდეს და კვირის არჩევნების შედეგების გასაჩივრება სცადოს. პარტიამ უკვე გაავრცელა განცხადებები, რომლებშიც საფოსტო გზით მიცემული ხმების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. მსგავსი შეშფოთება გამოთქვა პარტიის მთავარმა კანდიდატმა ულრიხ ზიგმუნდმაც სოციალურ ქსელში.
როგორი შედეგიც არ უნდა დადგეს კვირას, არჩევნებმა შესაძლოა მერცისთვის მოვლენათა ჯაჭვი აამოქმედოს, რომელიც, საბოლოოდ, მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულამდე მივიდეს. მერცი ისედაც ისტორიულად სუსტი ლიდერია და ამ ეტაპზე გაურკვეველია, აქვს თუ არა კანცლერს შექმნილ ვითარებასთან გასამკლავებლად მკაფიო და თანმიმდევრული სტრატეგია.
მერცი შექმნილ ვითარებას უარყოფს.
„დღეს არ ვაპირებ ვივარაუდო, რა მოხდება არჩევნების მეორე დღეს. სიტუაციას არჩევნების შედეგების გათვალისწინებით შევაფასებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქსონია-ანჰალტი რადიკალების ხელში არ აღმოჩნდეს“, - განაცხადა მერცმა გასულ კვირას, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში.
იმედი
წყარო: imedinews.ge