
პოლიტიკური ტერორიზმის ადგილი რომ ამ ქვეყანაში არ არის, ეს ბევრჯერ დაადასტურა „ქართულმა ოცნებამ“ და ბევრჯერ დაადასტურა ის, რომ „დიფ სთეითის“ მართული აქტორები პოლიტიკური ტერორიზმით ვერასოდეს შეძლებენ მიზნის მიღწევას - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
პოლიტიკური ტერორიზმის ადგილი რომ ამ ქვეყანაში არ არის, ეს ბევრჯერ დაადასტურა ,,ქართულმა ოცნებამ“ და ბევრჯერ დაადასტურა ის, რომ,,დიფ სთეითის“ მართული აქტორები პოლიტიკური ტერორიზმით, ვერასოდეს შეძლებენ მიზნის მიღწევას, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკური ტერორიზმის გამოწვევის წინაშე დგანან სხვა ქვეყნებიც, მათ შორის ზესახელმწიფოებიც, კერძოდ, აშშ, სადაც მინისტერიალი გაიმართა და მასში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იღებდა მონაწილეობას. ჩიხლაძის თქმით, მიმდინარე კვირის მთავარი ფოტოა სწორედ ვაშინგტონიდან - ცენტრში მდგარი მარკო რუბიო და მის გვერდით - მაკა ბოჭორიშვილი.
„პოლიტიკური ტერორიზმი ეს არის მსოფლიო პანდემია, რომელთან გამკლავებასაც უდიდესი ძალა და რესურსები სჭირდება. პანდემია, რომელიც გაავრცელა ,,დიფ სთეითმა“, მხოლოდ ეროვნული მთავრობების ხელით შეიძლება განეიტრალდეს.
„მოლოტოვის კოქტეილით“ პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა, პიროტექნიკით სამართალდამცველების დაზიანება, პარლამენტის შენობის და პრეზიდენტის რეზიდენციის გადაწვის ფაქტები, პოლიტიკოსებზე, მათი ოჯახის წევრებზე და მცირეწლოვან შვილებზე სიტყვიერი თავდასხმები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, პოლიციელების და სახელმწიფო მოხელეების მისამართების თუ ტელეფონის ნომრების გამოქვეყნება, ყალბი ამბები, ინსტიტუციების არაღიარება, მოგებული არჩევნების წაგებულად გამოცხადება, რევოლუციის 5 მცდელობა, სრულად ტყუილზე აგებული ახალი ამბები და პოლიტიკური შოუები, სოცქსელებში მიზანმიმართულად გავრცელებული და დაფინანსებული ანტიქართული განცხადებები, ქველმოქმედების კრიმინალად წარმოჩენა, უწმინდესის შეურაცხყოფა, საპატრიარქოზე თავდასხმა, პატრიოტების ორჯონიკიძეებთან გაიგვება, კანონებისთვის რუსულის იარლიყის მიწებება და ლგბტ პროპაგანდაში ეკლესიისთვის დახმარების შეთავაზება, წინააღმდეგ შემთხვევაში საპატრიარქოს გაშავების აგრესიული კამპანია თუ მშვიდობის ომით ჩანაცვლების დაუოკებელი ჟინი - ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ჩვენს ქვეყანაში ხდება და სწორედ ეს არის პოლიტიკური ტერორიზმი.
მსგავსი გამოწვევის წინაშე დგანან სხვა ქვეყნებიც, მათ შორის ზესახელმწიფოებიც ისეთი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. ვაშინგტონში ახლა ღიად დაიწყეს პოლიტიკურ ტერორიზმზე და საფრთხეებზე საუბარი, იმ გამოწვევაზე, რომლის ერთ-ერთი წამხალისებელიც შტატების წინა ადმინისტრაციაც იყო და რაზე საუბარსაც ახალი ადმინისტრაცია არ ერიდება.
ხომ მეთანხმებით, რომ არ შეიძლება, გმირად გამოაცხადო ის, ვინც პოლიციელის ცოცხლად დაწვას შეეცდება, ამაზე მთელი მსოფლიო თანხმდება, გარდა სალომე ზურაბიშვილისა, კოლექტიური „ნაცმოძრაობისა“ და მათი გარე პატრონებისა. პოლიციელზე თავდამსხმელი ზურაბიშვილმა შეიწყალა და ეს უკვე შემოინახა ისტორიამ ყველაზე სამარცხვინო აქტად. ეს გააკეთა გარე ძალების დავალებით პრეზიდენტმა, რომელიც სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ოპოზიციაში იყო, რომელიც ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ გარე პატრონებს - მათ, ვისაც განზრახული ჰქონდა ქართული სახელმწიფოს დამორჩილება და ევრობიუროკრატიის მიერ შერჩეული გუნდის ხელისუფლებაში მოყვანა.
პოლიტიკური ტერორიზმის ადგილი რომ ამ ქვეყანაში არ არის, ეს ბევრჯერ დაადასტურა „ქართულმა ოცნებამ“ და ბევრჯერ დაადასტურა ის, რომ „დიფ სთეითის“ მართული აქტორები პოლიტიკური ტერორიზმით, ვერასოდეს შეძლებენ მიზნის მიღწევას. პოლიციელის ცოცხლად დაწვისთვის მსჯავრდებულის შემწყნარებელი ზურაბიშვილი ახლა ტრამპის გამოგზავნილ წერილს ესხმის თავს და მისი შინაარსის გაუფასურებას ცდილობს. არ შეიძლება, არ გავიხსენო, თავად ზურაბიშვილმა რა მასკარადი მოაწყო იმისთვის, რომ მის ფონზე, სადღაც შორს პრეზიდენტი ტრამპი გამოჩენილიყო და სელფი გადაეღო. ისიც ხომ გახსოვთ, პარიზში როგორ მიეჭრა ტრამპს, რის შემდეგაც ოპოზიციის პროპაგანდისტული არხები საკუთარი ინტერპრეტაციით ზღაპრებს ჰყვებოდნენ ტრამპისა და ზურაბიშვილის პარტნიორობასა თუ მეგობრობაზე.
პოლიტიკურ ტერორისტებს რომ ქართულ და გლობალურ პოლიტიკაში მომავალი არ აქვთ, ამაში ყველა დარწმუნებული ვართ. რაც შეეხება ღირებულებითი თანხვედრის კონტექსტს, დიდი მომავალი ნამდვილად აქვთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეროვნული მთავრობები მართავენ.
მიმდინარე კვირის მთავარი ფოტო არის ვაშინგტონიდან - ცენტრში მარკო რუბიო და მაკა ბოჭორიშვილი, მიმდინარე კვირის მთავარი წერილი კი არის პრემიერ ირაკლი კობახიძის სახელზე, რომელიც დონალდ ტრამპმა გამოგზავნა“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ახალი ფურცლიდან - დეტალები ნინო ჯაფარიძის სპეციალურ რეპორტაჟში.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
იმედი
წყარო: imedinews.ge